„ხეტაფემ“ მწვრთნელის თანამდებობიდან მიჩელი მოხსნა. მიმდინარე სეზონში, 8 ტურის შემდეგ გუნდს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
მიჩელამდე გუნდს სათავეში „ვალენსიას“ და გიორგი მამარდაშვილის ამჟამინდელი თავკაცი ხოსე ბორდალასი ედგა. სხვათა შორის, ლა ლიგის ჩემპიონატი სწორედ ამ ორი გუნდის შეხვედრით დაიწყო და „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო. იმ შეხვედრაში მამარდაშვილმა კარგი თამაშით გამოიჩინა თავი.
მიჩელისთვის „ხეტაფეში“ მუშაობა უცხო არ იყო. „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი (1982-1996) 2009-2011 წლებშიც ედგა მადრიდის გარეუბნის გუნდს სათავეში და 2009-ში გავარდნას გადაარჩინა იგი.
ამრიგად, მიჩელი მეორე მწვრთნელია, რომელიც ლა ლიგაში ბოლო 24 საათში სამსახურიდან გაუშვეს. რამდენიმე საათით ადრე „ლევანტემ“ პაკო ლოპესი გაუშვა. „ლევანტეს“ ისევე როგორც „ხეტაფეს“ მიმდინარე სეზონში ერთი თამაშიც არ მოუგია — 8 ტურში 4 ფრე ითამაშა და მე-18 ადგილზეა.
პაკო ლოპესი „ლევანტეში“ სამი წელიწადი მუშაობდა.
გასულ სეზონში ლოპესის ხელმძღვანელობით გუნდი ცუდად არ თამაშობდა. მან განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში გამოიჩინა თავი და საბოლოოდ მე-14 ადგილზე გავიდა, სამეფო თასზე კი ნახევარფინალამდე მიაღწია.
რატომ მოხსნა ორმა კლუბმა მწვრთნელი ერთდროულად? ცხადია, სანაკრებო წყვეტის გამო. „ლევანტეცა“ და „ხეტაფეც“ შეეცდება ახალი თავკაცი რაც შეიძლება მალე დანიშნოს, რათა სანამ კლუბები ისვენებენ, ახალმა მწვრთნელებმა საქმეში გარკვევა მოასწრონ.