„ვალენსიას“ თამაშები გამორჩევით გიორგი მამარდაშვილის გამო გვაინტერესებს, თუმცა გიორგის აგერ უკვე მეორე ტურია ასვენებენ, „ღამურების“ კარს კი 32 წლის ჰოლანდიელი მეკარე ჯასპერ სილესენი იცავს, რომელიც იმთავითვე გუნდის მთავარ გოლკიპერად მოიაზრებოდა.
უნდა ითქვას, რომ გამოცდილ სილესენს განსაკუთრებით რთული არც პირველი მატჩი შეხვდა („ბილბაოსთან“ 1:1) და არც მეორე — სტუმრად, „კადისთან“ 0:0. ეს ორი შეხვედრა ფრიად განსხვავდებოდა „ელ ჩეს“ ადრინდელი ორი შეხვედრისგან „რეალისა“ და „სევილიას“ წინააღმდეგ, რომლებშიც 21 წლის მამარდაშვილმა მეტად საჭირო გამოცდილება შეიძინა.
როგორც AS წერს, „კადისისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული ფიგურა სწორედ მეკარე იყო, მაგრამ არა სტუმართა მეკარე სილესენი, არამედ მასპინძელთა არგენტინელი გოლკიპერი ხერემიას ლედესმა. მან ამ უგოლო და კაცმა რომ თქვას უინტერესო შეხვედრაში ოთხი ბურთი მოიგერია, რომელთაგან ორი მართლაც რთული მოსაგერიებელი იყო.
როგორც ვთქვით, შეხვედრა კარგი სანახავი არ იყო, მაგრამ დაძაბულობა არ აკლდა. „ვალენსიას“ უნდოდა ბოლოს და ბოლოს მოეგო, თუმცა ვერ შეძლო და აგერ უკვე მეოთხე მატჩია სამი ქულა ვერ მოუპოვებია.
„კადისისთვის“ „ვალენსიასთან“ შეხვედრაში ფრე ალბათ კარგი შედეგი იყო, თუმცა რაც ეს სეზონი დაიწყო ამ გუნდს შინ არ მოუგია.