„ბარსელონა“ დაბრუნდა სტადიონზე, სადაც ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მარცხი ჰქონდა ნაწვნევი და… ისევ დიდი ანგარიშით, ამჯერად 0:3 წააგო. კატალონიელთათვის ამ ნავსიან სტადიონს ჰქვია ლისაბონის „ესტადიო და ლუჟი“, სადაც „ბარსას“ გუშინ „ბენფიკამ“ მოუგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, რომლის შემდეგაც „ბლაუგრანა“ ცხრილში ორი წაგებით ბოლო ადგილზეა. თან, გოლიც არ გაუტანია.

ზემოთ, ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მარცხი რომ ვახსენეთ, ამავე შეჯიბრების 2019-20 წლების გათამაშების მეოთხედფინალი ვიგულისხმეთ, როდესაც „ბარსელონა“ „ბაიერნმა“ 8:2 გადათელა. სხვათა შორის, მიმდინარე გათამაშებაში, ხსენებულ E ჯგუფს „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელმაც გუშინ კიევის „დინამოს“ 5:0 მოუგო.

„ბენფიკასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში კი კატალონიური გუნდი არც დაცვაში ვარგოდა და არც თავდასხმაში.

ამ შეხვედრაში „ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ნახევარდაცვაში პედრი დააბრუნა. დაცვაში მან სამი ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია, ჟერარდ პიკე და რონალდ არაუხო გამოიყვანა, თავდასხმა კი ლუკ დე იონგსა და მემფის დეპაის ანდო.

შეხვედრა „ბარსასთვის“ საშინლად დაიწყო: მე-3 წუთზე, დარვინ ნუნიესმა „მიძინებული“ ერიკ გარსია ჩამოიტოვა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარში შეაგდო.

შემდეგ რომან იარემჩუკმა დაურტყა გერმანელ მეკარეს. მეკარემ დარტყმას თავი გაართვა. აი, ამის მერე კი „ბარსას“ ინიციატივის ჯერი დადგა, მაგრამ ვაგლახ, ლუკ დე იონგმა, პედრიმ და მემფის დეპაიმ ვერ გაიტანეს.

კუმანმა ფეხბურთელის შეცვლა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა: პიკე, რომელსაც უკვე მიღებული ჰქონდა ყვითელი ბარათი, გავით შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე ვეტერანი მეორე ყვითელ ბარათს გადარჩა, მისი შეცვლა მაინც გასაკვირი იყო.

თუმცა, გაკვირვების გარდა პიკეს გაყვანამ ფრენკი დე იონგის დაცვაში გადაბარგება განაპირობა, რამაც სტუმრების თავდასხმას ძალა მოაკლო.

მეორე ტაიმის დასაწყისში დარვინ ნუნიესმა კინაღამ მორიგი გოლი გაიტანა, როდესაც წინ გამოსულ ტერ შტეგენს შემოურბინა და დაუცველ კარში დაუმიზნა, მაგრამ ძელს მოარტყა ბურთი.

68-ე წუთზე, როდესაც მდგომარეობის გამოსწორების მიზნით კუმანმა მოედანზე სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად ნიკო გონსალესი, პედრის ნაცვლად ფილიპე კოუტინიუ, ხოლო ლუკ დე იონგის ნაცვლად ანსუ ფატი შეიყვანა, „ბენფიკამ“ მეორე გაიტანა: ბურთი ბადეში რაფა სილვამ შეაგდო.

შემდეგ კი „ბარსელონას“ VAR-მა გაუფუჭა საქმე: სერხიო დესტის „ხელბურთი“ საპენალტე დარღვევად მიიჩნია და დარვინ ნუნიესმა თერთმეტი მეტრიდან მესამე გოლი გაიტანა.

ბოლოს ერიკ გარსიამ მეორე ყვითელი მიიღო.