კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი სიგიჟე ჩაიდინა: ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის შეხვედრის 90+5 წუთზე „ვილიარეალს“ გოლი გაუტანა! ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო, 2:1. თავად რონალდუმ კი ვეტერანსა და ოდინდელ თანაგუნდელ რიო ფერდინანდს მესიჯი მისწერა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეხვედრას გოლის გარეშე არ დავტოვებდიო.

არადა, „იუნაიტედი“ თამაშით „ვილიარეალს“ ვერ სჯობდა. ესპანელებმა პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან, შესვენების შემდეგ, 53-ე წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს — არნაუტ დანხუმას პასით პაკო ალკასერმა შეაგდო.

შვიდ წუთში ალექს ტელესმა საუცხოო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ „იუნაიტედისთვის“ ეს საკმარისი არ იყო. როდესაც მსაჯის მიერ წამატებული წუთები დაიწყო, ტაბლოზე კვლავ 1:1 ეწერა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა ექნებოდა.

მაგრამ ეს კრიშტიანუმ არ დაუშვა! ვინ მოთვლის მერამდენედ გახდა პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ გმირი. მან შეხვედრას ბოლო დარტყმით დაუსვა წერტილი და რაც საინტერესოა, მისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაში სარეკორდო, 178-ე მატჩი იყო.

დათვალეს: კარიერის განმავლობაში, რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში 90-ე წუთზე ან უფრო გვიან 12 გოლი გაუტანია. და რაკიღა პორტუგალიელს ყველაფერში ლეო მესის ადარებენ, იგივე მაჩვენებელი დაუთვალეს მესისაც. არგენტინელის შედეგი ორჯერ ნაკლები გამოდგა.

„იუნაიტედისა“ და „ვილიარეალის“ შეხვედრის შემდეგ ზემოთ ხსენებულმა რიო ფერდინანდმა BT Sport-ის ეთერში ასე ილაპარაკა:

„რონალდუმ მესიჯი გამომიგზავნა. იქ ეწერა: „კარგად ვერ ვითამაშე, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გოლს გავიტანდი“. ასეთია მისი რწმენა, რომლითაც სხვა ფეხბურთელებიც იკვებებიან.

დღეს „იუნაიტედმა“ კარგად ვერ ითამაშა. ეს ის ფეხბურთი არ არის, რომელსაც ოლე გუნარ სულშერი ითხოვს, მაგრამ როდესაც გუნდს, ხალხს, სტადიონს გოლი სჭირდება, კრიშტიანუ რონალდუ წინა პლანზე გამოდის.

რონალდუ ცდილობს იყოს ის კაცი, რომელსაც შანსი ეძლევა. მთელი მისი კარიერა ამის დასტურია. კრიშტიანუ დიდი მომენტებისთვის არსებობს.

როდესაც გუნდში კრიშტიანუ გყავს, სხვა ფეხბურთელები თავისუფლად სუნთქავენ. მათ სწამთ, რომ თუკი შანსი გამოჩნდება, რონალდუ მას ხელიდან არ გაუშვებს. “.

პრეს-კონფერენციაზე ოლე გუნარ სულშერმაც ფაქტობრივად ფერდინანდის ნათქვამი გაიმეორა. მან თქვა:

„როდესაც გუნდში კრიშტიანუ გყავს, გამარჯვების შანსი ყოველთვის არსებობს. ის მეტოქის კართან იმდენად ძლიერია, რომ სულ ყველაზე მოქმედებს: ფეხბურთელებზე, მაყურებელსა და მთელს კლუბზე“.