ესპანური კლუბების სახელფასო პრობლემებზე ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საქმე ასე ცუდად თუ იყო არავის ეგონაო, წერს Football Espana.
კარგა ხანია ცნობილია „ბარსელონასა“ და ლა ლიგას დაპირისპირების ამბავი, რასაც ლეო მესის წასვლა-დარჩენის საკითხი ამძაფრებდა.
COPE-ს თანახმად ამ სეზონში „ბარსას“ ხელფასის ლიმიტი არის 97,9 მილიონი ევრო, არადა ეს თანხა გასულ სეზონში 284,7 მილიონით მეტი ყოფილა. მოყვანილი რიცხვები ნათელს ჰფენს კატალონიური კლუბის პრობლემებს. დღეს „ბლაუგრანა“ ხელფასების ზედა ზღვრით ესპანეთში მეშვიდე ადგილზეა, თუმცა ვინ იცის, რომ არა დიდი ვალი, კლუბი შესაძლოა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო.
კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც გასულ სეზონთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა, ყოფილა „ვალენსია“. დღეს „ღამურების“ სახელფასო „ჭერი“ არის 30,9 მილიონი ევრო, რაც გასულ სეზონში 72,4 მილიონი ევროთი მეტი ყოფილა.
COPE-ს ინფორმაციით, „ვალენსიას“ ლა ლიგაში ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს, რაც კლუბს ფეხბურთელების გაყიდვისკენ უბიძგებს.