გთავაზობთ ესპანურ გაზეთ AS-ში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც „ვალენსიას“ მეკარეებს, 32 წლის ჰოლანდიელ ჯასპერ სილესენსა და 20 წლის (21 წლის ოთხშაბათს, 29 სექტემბერს ხდება) გიორგი მამარდაშვილს ეხება.
„სილესენი მე-7 ტურში დაბრუნდა. ჰოლანდიელმა მეკარემ, ძირითადში ადგილი ტრავმის, სეზონისწინა პერიოდის გამოტოვების და მამარდაშვილის მაღალი დონის გამო დაკარგა, მაგრამ ხოსე ბორდალასმა ბოლოს და ბოლოს მისცა შანსი, რომელსაც ის ამდენ ხანს ელოდა. შანსი, რომელზეც პირადად მწვრთნელი ეუბნებოდა, აუცილებლად მოგეცემაო. და მან ის გამოიყენა.
მეცამეტე ნომერმა თამაშის მიწურულს დიდებული ნახტომით მოიგერია მეტოქის თავური, რომელმაც „ვალენსიას“ „ბილბაოსთან“ ძვირფასი ქულა გადაურჩინა.
ეს ამბავი ბორდალასმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზეც აღნიშნა. „ბოლო წუთებში სილესენმა დიდებულად მოიგერია“, — თქვა მწვრთნელმა.
და მაინც, ეს ჯასპერისთვის სეზონი იოლად არ დაწყებულა. მართალია ის ყოველთვის პროფესიონალად რჩება, მაგრამ სანაკრებო კვირის შემდეგ ისევ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მისთვის დიდი ემოციური დარტყმა გამოდგა. როგორც AS ადრე წერდა, ბორდალასი მას ელაპარაკა და დაარწმუნა, რომ მისი დრო აუცილებლად დადგებოდა. თუმცა, მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე კიდევ ერთი რამ თქვა და მის სიტყვებშიც არაფერი იყო გასაკვირი. მან თქვა: „მე მხოლოდ სპორტულ მხარეზე არ ვფიქრობდი“.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს. შეცვლა არავის სიამოვნებს, მაგრამ მასზე უნდა ითქვას, რომ მართალია თავს ძირითად მეკარედ არ მიიჩნევდა, მთავარი გუნდის კარში ჩადგომა იტვირთა. გიორგის ოცნება აუხდა. როდესაც ის ტურიას ნაპირებზე ჩამოფრინდა იცოდა, რომ სამარქაფო გუნდის მეკარე უნდა ყოფილიყო, ახლა კი მართალია უკვე თამაშის ამბიცია აქვს, დარტყმა მორალურად ცუდად არ გადაუტანია.
და კიდევ ერთი. უმნიშვნელო არ არის ის ამბავი, რომ „ვალენსიას“ წარმომადგენლებმა ბოლო საათებში გაააქტიურეს მოლაპარაკებები მამარდაშვილის აგენტებთან ტრანსფერის დასრულების შესახებ; სანამ ეს აგენტები ჯერ კიდევ ტურიას დედაქალაქში არიან.
უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისის „დინამოსთან“ შეთანხმების გარდა — რომელიც იანვრამდე 700 000 ევროს არ აღწევს — „ვალენსია“ აპირებს თავად ფეხბურთელთან გააფორმოს ისეთი კონტრაქტი, რომელიც მას „დაიცავს“.