„ბარსელონა“ ანდალუსიაში იყო, სადაც კადისში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე“ 0:0 ითამაშა. კატალონიურ კლუბს რთული პერიოდი უდგას. შედეგები არ უვარგა, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და მწვრთნელ რონალდ კუმანს შორის დაძაბულობაა. გამოსავალი წუხანდელი გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ ვაგლახ.

შეგახსენებთ, „ბლაუგრანას“ ბოლო თამაშებს: ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ 0:3, „გრანადასთან“ „კამპ ნოუზე“ 1:1 და აი, 0:0 კადისში.

„ბარსამ“ კარგად ვერ ითამაშა, შთაბეჭდილება არ მოუხდენია, თუმცა შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც ის მართალი იყო და კუმანიც ამას ჩაეჭიდა:

„ამ ქვეყანაში მოედნიდან არაფრისთვის გაძევებენ“, — თქვა ჰოლანდიელმა, 65-ე წუთზე ფრენკი დე იონგის მეორე ყვითელი ბარათის შესახებ.

დე იონგმა ორი ყვითელი ბარათი ოთხწუთიან მონაკვეთში მიიღო. ეს გახლდათ კარიერაში მისი მეორე გაძევება და საინტერესო დამთხვევაა, რომ ის მოედნიდან ორივეჯერ მსაჯმა კარლოს დე კერომ გააგდო.

რადიო „მარკას“ ექსპერტმა ალფონსო პერეს ბურულმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ჰოლანდიელის გაძევება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

რაც შეეხება თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხს, ამაზე ლაპარაკი კუმანმა არ ისურვა:

„გასაანალიზებელია, რა გააკეთა გუნდმა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საქმისადმი, ითამაშეს თუ არა ფეხბურთელებმა თავდადებით.

რაც შეეხება ჩემს პირად სიტუაციას, ამაზე არ ვილაპარაკებ. პრეზიდენტი დაგვემშვიდობა სასტუმროში წავიდა. თუ მას ჩემთან ლაპარაკი უნდა, როგორც ჩანს, საამისოდ დროს მომავალში გამონახავს“.