არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ ფიფას კალენდარში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. მან თქვა, რომ 2024 წლიდან სანაკრებო შეხვედრების გამოხშირვა ფეხბურთელებზე ფიზიკურ და მენტალურ ზეწოლას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ხოლო გულშემატკივარს თავიანთი ქვეყნის ეროვნულ გუნდებთან კიდევ უფრო დააახლოებს.
მოგეხსენებათ, ფიფამ თავისი 211 წევრი ფედერაციის — როგორც თავად ამბობს უმრავლესობის — მოთხოვნით, 2021 წლის დასაწყისში გამართულ 71-ე კონგრესზე, გადაწყვიტა შეადგინოს ახალი გლობალური კალენდარი, რომელიც ფეხბურთისა და ზოგადად თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს შეესატყვისება.
„ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში სანაკრებო წყვეტების შემცირება ფეხბურთს მხოლოდ წაადგება, — თქვა საბალეტამ, — როგორც სამხრეთ ამერიკელს, ყოველი სანაკრებო წყვეტის დროს მიხდებოდა ათასობით კილომეტრის გადაფრენა, ორად ორ თამაშში მონაწილეობა და უკან დაბრუნება“.
მართლაც ასეა, მსოფლიოს ჩემპიონატების ოთხწლიანი ციკლის პირობებში, ევროპაში მოთამაშე სამხრეთამერიკელ ვარსკვლავებს ევროპელ თანაკლუბელებთან შედარებით სანაკრებო შეხვედრებზე შვიდჯერ მეტად უწევთ გამგზავრება, რაც ცხადია გლობალურ დისბალანსს ზრდის. დისბალანსი კი იმაში აისახება, რომ მსოფლიოს ბოლო ოთხ ჩემპიონატში ერთადერთი სამხრეთამერიკული ქვეყანა, რომელიც ფინალში გავიდა, სწორედ საბალეტას არგენტინა გახლდათ. მან 2014 წელს გერმანიასთან წააგო.
„ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ სხვაობა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, — განაგრძო „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მცველმა, — დიდ შეჯიბრებებში შენი ქვეყნის სახელით გამოსვლა ძალიან საამაყოა, ამიტომ ზემოთ აღნიშნულ სხვაობას შემცირება სჭირდება. მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში როგორც წესი ევროპული ნაკრებები გადიან. შესაბამისად, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სხვა კონტინენტების ქვეყნებს თავიანთი ფეხბურთელების აღზრდისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ.
ხუთი სანაკრებო წყვეტის ამოღება და თამაშების ერთ თვეში თავმოყრა გაცილებით ნაკლებ მოგზაურობას და ფიზიკური თუ მენტალური დატვირთვის შემცირებას ნიშნავს.
გულშემატკივრებიც გაიხარებენ, რადგან საშუალება მიეცემათ, თავიანთი ქვეყნების ეროვნული გუნდების ოთხ თუ ხუთ თამაშს ზედიზედ უყურონ. ფეხბურთელებიც კლუბებში დაბრუნებამდე სრულიად კონცენტრირებულები იქნებიან სანაკრებო საქმეებზე“.