„ვალენსიას“ ყოფილი ვარსკვლავი, არგენტინელი რობერტო აიალა გზაზე გაძარცვეს. კლუბში, სადაც ახლა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, აიალას 2000-2007 წლებში 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. ის გუნდის ცენტრალური მცველი და ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. მასთან ერთად „ღამურები“ ორჯერ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები და უეფას თასიც მოიგეს.

დღეს, რობერტო აიალა 48 წლისაა. ის ლიონელ სკალონის ხელქვეითია — არგენტინის ნაკრების მწვრთნელთა შტაბში მუშაობს. ამავე შტაბშია მისი თანამემამულე და თანაკლუბელი, 2001-2006 წლებში „ვალენსიას“ შემტევი ნახევარმცველი პაბლო აიმარი. „ალბისელესტეს“ მწვრთნელთა რანგში ისინი გასულ ზაფხულს „კოპა ამერიკას“ გამარჯვებულები გახდნენ.

მაგრამ დამსახურება, სახელი და წარმატება ყაჩაღებისგან ვერ იცავს. აიალა ბუენოს აირესის პროვინცია ლუხანში, კერძოდ სან კაეტანოში მანქანით მიდიოდა სამმა მძარცველმა გააჩერა. როგორც „მუნდო დეპორტივო“ წერს, მათ ვეტერანის მანქანას დიდი ქვები დაუშინეს, რის გამოც მძღოლი იძულებული იყო ავტომობილი გაეჩერებინა. შემდეგ, ყაჩაღებმა მძღოლსა და აიალას პისტოლეტები დაუმიზნეს და გადმოსვლა აიძულეს.

რამდენადაც ცნობილია, მათ აიალას მობილური ტელეფონი და 5600 ევროს ტოლი ფული წაართვეს.

აიალას და იმ ადამიანს, ვინც მანქანას მართავდა, ჩამვლელმა უშველა. მას დაუნახავს შარაგზის ყაჩაღობა და პოლიციაში დაურეკავს.

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.