ვინ შეურაცხყვეს ბოლო ხანს მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მეტად? — კითხულობს გერმანული „შპორტ ბილდი“ და თავისავე კითხვას პასუხობს: ლეო მესი; იმით, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლიონის“ შეხვედრაში შეცვალეს.
მიმდინარეობდა შეხვედრის 75-ე წუთი, როდესაც პარიზელთა თავკაცმა, მესის თანამემამულემ, მაურისიო პოჩეტინომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანა და რაც მთავარია ტრავმის გამო კი არა, ტაქტიკური მოსაზრებით. მწვრთნელის აზრით, მესის მოედანზე ყოფნას რაღაც სხვა ჯობდა.
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, 61 წლის ბერნდ შუსტერმა, რომელიც 1980-88 წლებში „ბარსელონაში“, 1988-90 წლებში „რეალში“, ხოლო 1990-93 წლებში „ატლეტიკოში“ თამაშობდა და დღესაც ესპანეთში ცხოვრობს, „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა:
„მესი „ბარსელონაში“ ის ფიგურა გახლდათ, რომელიც მოედანზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მთელი გუნდი მასზე იყო დამოკიდებული. მისი შეცვლა არც კი განიხილებოდა. ასეთი რამ სულ ერთხელ თუ ორჯერ მოხდა, ისიც იმიტომ, თავად ფეხბურთელს გაუფრთხილდნენ“.
მესი გასული ათი წლის განმავლობაში 18-ჯერ შეცვალეს. შეცვლის მიზეზი მეტწილად ტრავმა იყო. ერთი-ორჯერ ის გაიყვანეს იმიტომ, რომ „ბარსელონა“ სუსტ მოწინააღმდეგეს ჯაბნიდა და არგენტინელის მოედანზე დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა.
სხვა შემთხვევაში კი მისი შეცვლა პრობლემასთან იყო დაკავშირებული. რადიო RAC1-ის ჟურნალისტი ხერარდ რომერო ასე ამბობს:
„ყოველთვის, როდესაც ცვლილება მესისთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული, ის მწვრთნელს ბოროტად უყურებდა. ლეო შეჯიბრების მოყვარული ცხოველია“.
2013 წელს იყო შემთხვევა, როდესაც „ბარსელონა“ „რეალ სოსიედადს“ 4:1-ს უგებდა. მატჩი ასეც დასრულდა. მესის თანამემამულე მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ის 82-ე წუთზე შეცვალა და რამდენჯერმე სცადა ფეხბურთელისთვის ხელი ჩამოერთმია, მაგრამ მან თავიც არ მიატრიალა.
2014 წელს, როდესაც „ბარსას“ სათავეში ლუის ენრიკე ედგა, „ეიბართან“ შეხვედრაში მესიმ შეცვლაზე საერთოდ უარი თქვა. მაშინ ესპანურ პრესაში ერთი ამბავი ატყდა. წერდნენ, რომ ფეხბურთელს გუნდში არაჯანსაღი გავლენა აჰქონდა.
შუსტერი კი ამბობს, რომ ლეოს მომავალში უფრო და უფრო ხშირად შეცვლიან.
„პარიზულ გუნდში თამაშების მოგება ნეიმარს და მბაპესაც შეუძლიათ. მესი ამაში თავად დარწმუნდება და დადებითად განეწყობა. ასე რომ, „პარი სენ ჟერმენისთვის“ მისი შეცვლა პრობლემა აღარ იქნება.
დიახ, მას „ლიონთან“ შეცვლის ფაქტი არ მოეწონა, არადა პირიქით, უნდა უხაროდეს, რომ მის ასაკში სამოცივე თამაშში არ მოუწევს მონაწილეობა. პატარა ბიჭი ხომ აღარ არის…“