„რონალდ არაუხომ „ბარსას“ ქულა გადაურჩინა, მაგრამ ურუგვაელის ჩინებულ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ეს მორიგი საცოდაობა იყო,“ — წერს კატალონიური „სპორტი“ „ბარსელონასა“ და „გრანადას“ შეხვედრის შესახებ, რომელიც „კამპ ნოუზე“ 1:1 დასრულდა.
სტუმრებმა თამაში ენერგიულად დაიწყეს და მე-2 წუთზე ანგარიში გახსნეს. „სპორტი“ წერს, რომ მათ სერხიო ბუსკეტს მძინარეს მიუსწრეს. ესკუდერომ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა საჯარიმოში, ბურთი მეკარე ტერ შტეგენს გადაევლო და შორეულ ძელთან დომინგუშ დუარტეს მოერგო თავზე. დუარტე წესით ფრენკი დე იონგს უნდა აეყვანა, მაგრამ მას მეტოქე „დაეკარგა“. დუარტემ ანგარიში გახსნა.
ასეთ დროს „ბარსელონა“ მეტოქეს წნეხის ქვეშ აქცევს და ახრჩობს ხოლმე, მაგრამ ამჯერად კატალონიელებმა ეს ვერ შეძლეს, რაც მიმომხილველთა აზრით კიდევ ერთი საგანგაშო და ნიშანდობლივი ფაქტი იყო.
ყოველ შემთხვევაში, „ბარსა“ მყისიერად ვერ გამოფხიზლდა და შეხვედრის მეორე საგულისხმო მომენტიც სტუმრებმა შექმნეს: დარვინ მაჩისის (კვლავ მარცხნიდან) ჩაწოდებულ ბურთს ხორხე მოლინამ გაუჩერებლად დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.
მე-19 წუთზე იყო ეპიზოდი, როდესაც სერხი რობერტომ სტუმართა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთში კი მასპინძლებმა როგორც იქნა ნამდვილი ინიციატივა მოიპოვეს და აქ უკვე არაუხოს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მეკარე ლუის მაქსიმიანომ მისი თავური შესანიშნავად მოიგერია.
ურუგვაელი მცველი აშკარად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებს ზურგის ტრავმის გამო ალეხანდრო ბალდე გაუხდათ შესაცვლელი.
მეორე ტაიმში რონალდ კუმანმა გადაწყვიტა ნახევარდაცვა გაეძლიერებინა და „ძელის ავტორის“ სერხი რობერტოს მაგივრად ლუკ დე იონგი ჩართო საქმეში.
დრო გადიოდა. „კამპ ნოუზე“ შეკრებილ გულშემატკივარს სტუმართა მიერ დროის გაყვანა აღიზიანებდა, მაგრამ 90-ე წუთზე „ბარსამ“ მაინც მოახერხა იმ გოლის გატანა, რომელმაც ცხრილში ქულა დაამატა და ეს ისევ 22 წლის ურუგვაელმა მცველმა შეძლო. მან გავის ჩაკიდებულ ბურთს მისთვის დამახასიათებელი თავური დასცხო.