„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრაზილიელმა ლეონარდომ „კანალ პლუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ბარსელონადან“ ლეო მესის გადაბირების დეტალებზე ილაპარაკა.

მან თქვა, რომ პარიზელები მესის თაობაზე „ბარსას“ პირველად 2021 წლის თებერვალში დაუკავშირდნენ. ლეონარდოს აზრით, არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირების ოპერაცია მისმა კლუბმა საუცხოოდ ჩაატარა.

„არ უარვყოფ, რომ ბარსელონელებს რამდენჯერმე ადრეც დავუკავშირდით, — განმარტა ლეონარდომ, — მაგრამ პირველად ეს მოხდა თებერვალში ანუ როდესაც მესის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი. უფრო ადრე, ვთქვათ იანვარში ჩვენი მხრიდან კონტაქტი არ ყოფილა.

თუმცა, პირველი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ მესის „ბარსელონაში“ უნდოდა დარჩენა. მეტიც, ვინ იცის კარიერის „კამპ ნოუზე“ დასრულებაზეც კი ოცნებობდა. მაშინ ის ამის შესახებ მკაფიოდ ლაპარაკობდა.

შემდეგ კი გამოიკვეთა, რომ ფინანსური მიზეზების გამო მესი „ბარსაში“ ვერ დარჩებოდა და ჩვენც უკვე სერიოზულად, მთელი ძალით ჩავერთეთ საქმეში. ამასთან, გადამწყვეტი როლი ითამაშა თავად მისმა სურვილმა პსჟ-ში გადმობარგებულიყო.

ფანებისთვის კი იმის წარმოდგენა, რომ ლეოს დონის ფეხბურთელი მათ გუნდში ითამაშებდა, ოცნების ახდენა გახლდათ.

მესი ძალიან კორექტული, სერიოზული პიროვნებაა. ის დიდი პროფესიონალია“.