ლეო მესის გარეშე დარჩენილმა „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაში ახალი ეპოქა შინ, „ბაიერნთან“ 0:3 დამარცხებით დაიწყო. გულშემატკივარს უნებლიედ, წამით მაინც გაახსენდებოდა 2019/20 წლების გათამაშების მეოთხედფინალი ლისაბონში, როდესაც ბავარიელებმა კატალონიელებს 8:2 მოუგეს.
„რეკორდმაისტერის“ მთავარი გმირი რობერტ ლევანდოვსკი იყო. სამიდან ორი გოლი მან გაუტანა „ბლაუგრანას“, რომელიც ამ შეხვედრაში მეტოქეს ჩამოუვარდებოდა.
მასპინძელთა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა რონალდ დე ბურმა 3-5-2 განლაგებით ამჯობინა თამაში. თავდამსხმელები იყვნენ ლუკ დე იონგი და მემფის დეპაი.
თავიდან, „კამპ ნოუზე“ შეკრებილმა მაყურებელმა უჩვეულო სურათი იხილა — ბურთი მეტოქემ ჩაიგდო, რასაც როგორც წესი მათი გუნდი აკეთებს ხოლმე. მართალია, საბოლოოდ ბურთის ფლობის პროცენტი თანაბარი გამოვიდა, მაგრამ ინიციატივამ, რომელსაც „ბაიერნი“ შეხვედრის დასაწყისში ფლობდა, სტუმართა გუნდი პირველ ტაიმში გოლამდე მიიყვანა. თომას მიულერის დარტყმული ერიკ გარსიას მოხვდა, გეზი გვარიანად შეიცვალა და მასპინძლების კარში შევარდა.
გერმანიის ჩემპიონმა მეორე ტაიმშიც წნეხში მოაქცია მოწინააღმდეგე. ცდილობდა „ბარსელონა“ მის ნახევარზე ყოფილიყო მიჯაჭვული. შესვენების შემდეგ, მალე, მასპინძელთა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლეროი სანეს არ გაატანინა, მაგრამ საბოლოოდ „ბარსამ“ მაინც ვერ გაძლო: 56-ე წუთზე ჯამალ მუსიალას დარტყმული ძელს მოხვდა, ასხლეტილს კი ლევანდოვსკიმ კარში მიუჩინა ადგილი.
მდგომარეობის გამოსასწორებლად კუმანმა შეცვლებს მიმართა. მან ვეტერანების სერხიო ბუსკეტსისა და სერხი რობერტოს მაგივრად მოედანზე ახალგაზრდები, გავი და იუსუფ დემირი შეიყვანა. შემდეგ, ერიკ გარსია ოსკარ მინგუესათი, ხოლო დე იონგი ფილიპე კოუტინიუთი შეცვალა.
„ბარსას“ ბოლო ცვლილება იძულებითი იყო: ჯორდი ალბა დაშავდა და მის ნაცვლად პირველად ითამაშა ალეხანდრო ბალდემ.
ახალგაზრდების მოედანზე შესვლამ „ბარსას“ ენერგია შემატა, მაგრამ გოლი მაინც „ბაიერნს“ შეემატა — ლევანდოვსკიმ ისევ ძელს ასხლეტილი ბურთი მიიღო, დაამუშავა და კატალონიელების კარში შეაგდო.