კრიშტიანუ რონალდუს მორიგი ისტორიული საღამო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ათი კაცით დარჩენამ და „იანგ ბოიზთან“ 1:2 წაგებამ დაჩრდილა. საღამო რონალდუსთვის ისტორიული იმიტომ იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ის იკერ კასილიასს გაუტოლდა. მცირე ისტორიულ შედეგად კი ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა პორტუგალიელმა, ლიგის პირველსავე შეხვედრაში გოლი შეაგდო.

კრიშტიანუმ თანამემამულის, ბრუნო ფერნანდეშის პასით მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა „იანგ ბოიზმა“ იხტიბარი არ გაიტეხა.

პანდემიის მიუხედავად, აცრილი შვეიცარიელებით გადავსებული „ვანკდორფ შტადიონი“ ენერგიულად უჭერდა მხარს თავის გუნდს. კრისტიან ფასნახტს მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დავიდ დე ხეამ აკრობატული ნახტომით დაიცვა კარი.

შემდეგ, აარონ ვან-ბისაკამ 35-ე წუთზე, ორთაბრძოლის დროს, კრისტოფერ მარტინსს წვივზე დააბიჯა, რისთვისაც მსაჯმა წითელი ბარათი ამოუღო.

უმრავლესობაში დარჩენამ დავიდ ვაგნერის ბიჭებზე საუცხოოდ იმოქმედა. მათ მეორე ტაიმში უპირატესობა იგდეს ხელთ და ანგარიშის გასათანაბრებლად შეუტიეს სტუმრებს.

მანჩესტერელთა დაცვა გარკვეულ მომენტამდე შეუვალი რჩებოდა. მასპინძლები შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. 66-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა: გოლი მუმი ნგამალომ გაიტანა.

72-ე წუთზე ოლე გუნარ სულშერმა რონალდუ ჯესი ლინგარდით შეცვალა. „იანგ ბოიზს“ კი მეტოქე გუნდის ავტორიტეტი ჩირადაც არ უღირდა და მეორე გოლის გასატანად მიიწევდა.

და ბედის ირონიით, მსაჯის წამატებულ წუთებში, სწორედ კრიშტიანუს ნაცვლად შესულმა ლინგარდმა მიაწოდა თეოსონ სიებატჩოს საგოლე პასი…

„იუნაიტედი“ დამარცხდა მეტოქესთან, რომელიც სუსტად მიაჩნდა.