„ატლეტიკოდან“ „ჩელსიში“ იჯარის წესით გადასულ 26 წლის საულ ნიგუესს, პრემიერლიგაში დებიუტი აშკარად სხვანაირად წარმოედგინა. ესპანელი, რომელმაც კლუბი და ქვეყანა საზაფხულო სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს გამოიცვალა, „ასტონ ვილასთან“ შეხვედრაში ლონდონელების სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ ახალი თანაგუნდელების 3:0 გამარჯვებას დაზაფრული უყურებდა.
საულის დებიუტი რომ ნამდვილად კოშმარული იყო, სტატისტიკიდანაც ჩანს: მან მოედნის ცენტრში ცხრა ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან რვაში დამარცხდა. ის ბურთის მიღებას ოთხ ეპიზოდში ცდილობდა, რომელთაგან სამ შემთხვევაში ეს ვერ შეძლო და ბირმინგემელთა საშიში შეტევა გამოიწვია. შესაბამისად, ესპანელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა:
„საულმა ცუდი შეცდომები დაუშვა. ის პასების გადაწოდებისას ცდებოდა და ვერც შეხვედრის ინტენსიობას გაუძლო. ადვილი იყო იმის დანახვა, რომ ის ახალ გარემოს ჯერ ვერ შეეჩვია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის წვალობდა. მან „ასტონ ვილას“ სასარგებლოდ რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნა.
დებიუტი ძნელია. მე მას თამაშის წინ ველაპარაკე და ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვიდა, ჩემი ბრალია. მეგონა პირდაპირ ბრძოლის ცეცხლში შევაგდებდი და ის გამიმართლებდა.
დღეს მისი შეცვლა ჯობდა, თუმცა პრინციპში არაფერი შეცვლილა“.
საული „ჩელსიმ“ „ატლეტიკოსგან“ 5 მილიონ ევროდ სეზონის ბოლომდე წამოიყვანა. თუ ის ლოდონის გუნდს შეეწყობა, მომავალ ზაფხულში „ლურჯები“ 40 მილიონს გადაიხდიან და ნახევარმცველს დაიტოვებენ.