560 დღიანი განშორების შემდეგ, „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდა და „სელტას“ 5:2 მოუგო. ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. დარჩენილი ორი გოლი ვინისიუსმა და 18 წლის ახალწვეულმა ედუარდო კამავინგამ გაიტანეს.
ვინისიუსმა გიჟივით იზეიმა, მაყურებლებში ავარდა.
„სელტამ“, თავის მხრივ, პირველ ტაიმში ორჯერ შეაგდო, ორჯერ დაწინაურდა (1:0 და 2:1), მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდთან გამკლავება მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.
განახლებულ ლეგენდარულ სტადიონზე საღამო ყველა იმ ადამიანის მოგონებით დაიწყო, ვინც „რეალთან“ იყო დაკავშირებული და covid 19-მა იმსხვერპლა. მათ შორის გახლდათ კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი.
„სელტას“ პრეზიდენტმა კარლოს მოურინიომ კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პრინციპულად არ შედგა ფეხი. მან ფლორენტინო პერესის გვერდით დაჯდომა იუარა, რადგან დარწმუნებულია, რომ 12 წლის ნიჭიერი ბიჭუნა ბრაიან ბუგარინი „რეალმა“ ძალით და უსამართლოდ წაართვა.
მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ თქვა: „ორი კვირის წინ ვიყავი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და ვერც კი წარმოვიდგინე, რომ მალე აქ ფეხბურთის თამაში იქნებოდა შესაძლებელი. ახლა ეს მსოფლიოში საუკეთესო სტადიონია, სადაც დღეს საუცხოო ატმოსფერო იყო.
რაც შეეხება თამაშს, ჩვენ თავდასხმაში მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ, დაცვაში კი საქმე სერიოზულად გვაქვს გამოსასწორებელი. მართალია, დავიდ ალაბა და ფერლანდ მენდი გვაკლდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უკანა ხაზი სერიოზულად არის მისახედი.
ვინისიუსის თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მას განსაკუთრებული უნარები აქვს და სეზონიც ჩინებულად დაიწყო — საკუთარ თავში დარწმუნებული და კარის წინ მშვიდია“.