რაღა თქმა უნდა, გასულ უქმეებზე რაგბის ქართველ ქომაგთა მთავარ ინტერესს ტოპ 14-ის მეორე ტურის ის მატჩი იზიდავდა, რომელშიც ერთბაშად 6 ჩვენებურს უნდა ეთამაშა. საუბარია „მონპელიესა“ და „ბრივის“ შეხვედრაზე.
მოლოდინმა მხოლოდ იმ თვალსაზრისით გაამართლა, რომ ქართველებმა ჩინებულად ითამაშეს და თავიც გამოიჩნეს, თორემ დიდი ბრძოლა არ შედგა – მონპელიელებმა იოლად, 39:17 იმარჯვეს.
თამაში კი ქართული ლელოებით დაიწყო და დასრულდა კიდეც. მე-4 წუთზე მასპინძლებმა დერეფანი მოიგეს, მოლი ააგორეს, იქიდან გამოტანილი ბურთი ოფლოუდით გელა აფრასიძეს გადააწოდეს, რომელიც ბრიველთა ლელოში შევარდა, იქაც იფინტავა და ბურთი კარგ სარეალიზაციო წერტილშიც დაამიწა. ეს იყო 23 წლის ქართველი 9 ნომრის მესამე ლელო ტოპ 14-ში, რისთვისაც მას საფრანგეთის უძლიერეს ლიგაში მხოლოდ 10 მატჩი დასჭირდა. გელა 54-ე წუთზე შეცვალეს, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
„ბრივის“ მარქაფაში კი ერთბაშად ხუთი ქართველი იყო: ვასილ ლობჟანიძე საშინლად მოთამაშე ენცო სანგას ნაცვლად უკვე 37-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო 46-ედან 49-ე წუთამდე ინტერვაში ერთი მეორეს მიყოლებით თამაშში ვანო კარკაძე, თედო აბჟანდაძე, ლუკა ჯაფარიძე და ოთარ გიორგაძე ჩაერთვნენ. ამ შეცვლებმა გარკვეული შედეგი მოიტანა – პირველ ტაიმში 5:32 განადგურების შემდეგ სტუმრებმა მეტ-ნაკლებად ნორმალური ანგარიშის დაფიქსირება შეძლეს. თამაშს წერტილიც კი, როგორც ზემოთ ითქვა, ქართველმა დაუსვა – 21 წლის კვაჭმა კარკაძემ „ბრივის“ მოლს უხელმძღვანელა და თავადვე დააგვირგვინა ჩათვლის მოედანზე შეღწევითა და ბურთის დადებით. ეს იყო ახალგაზრდა ბორჯღალოსნის პირველი ლელო ტოპ 14-ში თავის მე-4 მატჩში.
ლევან ჩილაჩავას „კასტრმა“ კლერმონში სენსაციური გამარჯვება იზეიმა – 34:30, ხოლო ქართველმა ბურჯმა მოედანზე ბოლო 20 წუთი გაატარა – სწორედ ის მონაკვეთი, რომელიც კასტრელებმა „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ 13:3 მოუგეს.
ბორჯღალოსანმა მესამეხაზელებმა ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ შესაბამისად 23 და 33 წუთი ითამაშეს, ხოლო მათი გუნდების დაპირისპირებაში პირველის „პომ“ მეორის „ლიონს“ 21:17 მოუგო, არადა მთელი 54 წუთი კაცნაკლულმა გაატარა.
პრო დ2-დან ახალამოსულთა შეხვედრაში ქვედა ლიგის ჩემპიონმა იმარჯვა – „პერპინიანმა“ „ბიარიცს“ 33:20 მოუგო. გიორგი თეთრაშვილმა კატალონიელთა შემადგენლობაში ბოლო 29 წუთი ითამაშა, ხოლო ბასკთა სასტარტოში მყოფმა უშანგი ჭიშვილმა 61 წუთი გაატარა გაზონზე. აღსანიშნავია, რომ სასტარტო ტურის სიმბოლურში მოხვედრილ თორნიკე ჯალაღონიას არ უთამაშია.
ლექსო ყაულაშვილი კვლავაც „ბორდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი სრულად ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა ამჯერად დამაჯერებელი, ბონუსიანი გამარჯვება იზეიმა – „სტად ფრანსეს“ 37:10 მოუგო. პარიზელთა შორის პირველიდან 47-ე წუთამდე ვასილ კაკოვინმა ითამაშა, გიორგი მელიქიძემ მთელი მეორე ტაიმი ითამაშა.
ორი გურამის გუნდთა დაპირისპირებაში გოგიჩაშვილის „რასინგ-92“-მა პაპიძის „ლა როშელს“ 23:10 მოუგო, არადა 62-ე წუთამდე ანგარიში 10:10 იყო. გოგიჩაშვილი შეცვლაზე 45-წუთზე შევიდა, სამწლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14-ში დაბრუნებულმა პაპიძემ კი, შესვენებისას თავისი ადგილი ვეტერან უინი ატონიოს დაუთმო, მაგრამ 71-ე წუთზე ფრანგმა გიგანტმა ტრავმა მიიღო და გურამს დაბრუნება მოუხდა.
ბოლოს კი ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა: „ტულუზი“ – „ტულონი“. მასპინძლებმა საფრანგეთისა და ევროპის უპირველესი კლუბის სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ბონუსით, 41:10 გაანადგურეს თითქოსდა ძლიერი მეტოქე. ბექა გიგაშვილი ტულონელთა სასტარტო მარცხენა ბურჯი იყო და 62 წუთი ითამაშა, თუმცა ამჯერად ტურის სიმბოლური ნაკრების კანდიდატობაზე პრეტენზიას ნაკლებად ექნება.
ტულუზელებმა კი 9 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაუსრდნენ. მათ კვალში 8-8 ქულით „რასინგ-92“, „კასტრი“ და „მონპელიე“ უდგანან.
რაც შეეხება პრო დ2-ს, მესამე ტურში 16-მა ქართველმა ითამაშა. აღსანიშნავი კი ის მოხდა, რომ ბორჯღალოსანმა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ პრო დ2-ში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ ტრავმა მიიღო, U20-ის ყოფილმა უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ „ორიაკში“ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 22 წლის ბურჯ გიორგი ახალაძეს პრო დ2-ში სულაც დებიუტი ჰქონდა.
ლიგას 13-13 ქულით ლაშა მაჭარაშვილის „მონ-დე-მარსანი“, ბექა შეყლაშვილის „კოლომიე“ და კოტე მიქაუტაძის „ბაიონი“ ლიდერობენ.