

თუკი კვირას ნოვაკი US OPEN-ის ფინალში რუს დანიილ მედვედევს დაამარცხებს, კარიერაში 21-ე სლემტიტულს მოიპოვებს და ვაჟთა ჩოგბურთის ერთპიროვნული რეკორდსმენი შეიქნება. სადღეისოდ ის რეკორდს (20-20 სლემტიტული) როჯერ ფედერერთან და რაფაელ ნადალთან იყოფს.
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რაც აშშ-ის ღია პირველობის ამ ფინალს ლეგენდარულად ქცევას ჰპირდება. ჯოკოვიჩს შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში „დიდი მუზარადი“ შეკრას – წელს მან უკვე გაიმარჯვა ავტრალიის ღია პირველობაზე, „როლან გაროსზე“ და უიმბლდონზე. ამგვარი რამ ღია ჩოგბურთის ერაში ერთადერთმა ჩოგბურთელმა, ავსტრალიელმა როდ ლეივერმა მოახერხა 1969 წელს.
წლეულს ნოვაკს სლემტურნირებზე მიჯრით 27 მატჩი აქვს მოგებული. აქედან 10 შემთხვევაში მან პირველი სეტი დათმო, მაგრამ მატჩის შემოტრიალება შეძლო.
ასე მოხდა გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან წუხანდელ ნახევარფინალურ მატჩშიც – 4:6, 6:2, 6:4, 4:6, 6:2. ამ შეხვედრამ მეტისმეტად ბევრი ენერგია და ემოცია მოითხოვა სერბისგან, მაგრამ მან ყველაფერი ბოლომდე გასცა.
კვირას უდიდესი დღეა არამხოლოდ ჯოკოვიჩის კარიერაში, არამედ ჩოგბურთის ისტორიაში – არ ჰგავს ექსცენტრიკული რუსი იმ ძალას, ნოვაკს ოცნებებს რომ დაუმსხვრევს.