აშშ-ის ღია პირველობის სტარტზე ასეთ პროგნოზს ნამდვილად ვერავინ გააკეთებდა. 1999 წლის შემდეგ „დიდი მუზარადის“ ტურნირს თინეიჯერული ფინალი არ ჰქონია. მაშინ იმავე ნიუ-იორკში 17 წლის სერენა უილიამსმა 18 წლის მარტინა ჰინგისი დაამარცხა.
ამჯერად სლემტიტულს 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდეში და 18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ გაითამაშებენ.


ლეილა ფერნანდეშმა წარმოუდგენლად რთული გზა გაიარა ფინალამდე. თავად განსაჯეთ: მესამე წრე – მსოფლიოს მესამე ჩოგანი ნაომი ოსაკა; მერვედფინალი – მსოფლიოს ექს-პირველი ჩოგანი ანჟელიკ კერბერი; მეოთხედფინალი – მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ელინა სვიტოლინა; ნახევარფინალი – მსოფლიოს მეორე ჩოგანი არინა სობოლენკო… ლეილას ყველა ბრძოლა ურთულესი იყო, მარამ მეტოქეებს კარგი განწყობის გარდა, ზესისწრაფე დაუპირისპირა და აღმავალ ბურთზე თამაშით მათ დროს აღარ უტოვებდა. სობოლენკომ მანამდე ყველა მეტოქეს ტანკივით გადაუარა, მაგრამ ფერნანდეშთან საკუთარი უმწეობისგან გაცოფებული ვიხილეთ.
მეორე ფინალისტი ემა რადუკანუ უკვე შევიდა ისტორიაში: აქამდე არც ქალთა და არც მამაკაცთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „დიდი მუზარადის“ ფინალამდე არავინ გასულა. მას შედარებით იოლი ბადე შეხვდა, მაგრამ სანაცვლოდ, მთელი ტურნირი სეტის წაუგებლად გაიარა, ისევე როგორც ნახევარფინალი ბერძენ მარია საკარისთან – 6:1, 6:4. სხვათა შორის, ემა რადუკანუმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენიანი მარიამ ბოლქვაძეც დაამარცხა.
რადუკანუ ზაფხულის დასაწყისში რეიტინგის 350-ეულშიც არ შედიოდა, ფინალისტობით კი 32-ე ჩოგნობა უკვე გაინაღდა.
ასე რომ, ფინალის ყურება აშკარად ღირს. ვინ იცის, ეგებ ახალი სერენას ან ახალი ჰინგისის დაბადების მომსწრენი ვართ.