„ლივერპულმა“ თავისი მესამე ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, მაგრამ ფანებისგან მოწონებაზე მეტად ღლიცინი მიიღო.
საიდან მოიტანეს „ნაიკის“ დიზაინერებმა ასეთი ფერები? ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს: საიდან და „ენფილდ როუდის“ ტრიბუნიდან, ლეგენდარული კოპიდან. აგრეთვე, ჩემპიონთა თასის 1977 წლის ფინალიდან. ყვითელი ფერი მერსისაიდელთა საგარეო და მესამე ფორმებში ყოველთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ამჯერად, იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებს ვინმეს დაცინვა ახასიათებს თუ იმიტომ, რომ ფორმა მართლა უგემოვნო გამოუვიდათ, მაისურის ავტორებმა მათთვის მოულოდნელი რეაქცია მიიღეს.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ყვითელი „ლივერპულელებს“ 2014-15 წლების სეზონის შემდეგ არ გამოუყენებიათ. ახლანდელ დროებაში უწინდელისგან განსხვავებით 6 წელიწადი მართლაც მთელი ეპოქაა, მაგრამ დიდებულ 1980-იანებში ეს ფერი „ლივერპულისთვის“ განუყრელი იყო.
1977 წელს, რომში, მერსისაიდელებმა პირველად მოიგეს ჩემპიონთა თასი. მათ 3:1 დაამარცხეს მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და იმ შეხვედრაში, ინგლისელ ფანებს „სტადიო ოლიმპიკო“ სწორედ წითელი და ყვითელი ფერებით ჰქონდათ აჭრელებული.
მას მერე, ეს ორი ფერი კლუბის ტრადიციულ ფერებად დარჩა და კოპზე წითელთან ერთად ყვითელი ფერის დროშებიც დღემდე ფრიალებენ.
მაგრამ, ამ დილიდან სოციალური ქსელები ხორხოცმა წალეკა. უმეტესობას რატომღაც „ლივერპულის“ წარსული კი არა, მაკდონალდსის თილისმა გაახსენდა.
ხუმრობაში „არსენალის“ ფანებიც კი ჩაერთვნენ, კიდევ კარგი „ნაიკს“ მოვშორდით და „ადიდასთან“ გადავედითო.
და მხოლოდ უმცირესობამ გაიკვირვა, რას ერჩით, მშვენიერი ფორმააო.