სუპერვარსკვლავების ხელფასები თანდათან გასცდა არამხოლოდ პანდემიური ეკონომიკური კრიზისის, არამედ ლოგიკის ჩარჩოებსაც. ამის შემხედვარე, მეტ-ნაკლებად მდიდარი კლუბების ყველა მოთამაშეს გაუჩნდა ამბიცია და სახელფასო ულტიმატუმების წამოყენება დაიწყეს.
ამჯერად საქმე „ჩელსის“ მცველ ანტონიო რუდიგერს ეხება. კი ბატონო, გუნდის დაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ წლიურ 7,2 მილიონ ევროსაც არ უხდიან ყოველ მეორეს ხელფასად.
გერმანელმა, რომლის კონტრაქტიც 2022 წლის ზაფხულში იწურება, ერთბაშად 4 მილიონის დამატება მოითხოვა – თუ 11,2 მილიონს არ გადამიხდით, სხვა ვარიანტების განხილვას დავიწყებო.
Eurosport-ის ინფორმაციით, თომას ტუხელს კი სურს რუდიგერის გუნდში დატოვება, მაგრამ რომან აბრამოვიჩი სულაც არ არის აღფრთოვანებული მისი მოთხოვნით. „ჩელსის“ განკარგულებაში რამდენიმე თვეა, იანვარში კი რუდიგერი სხვა კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმების უფლებას მიიღებს.