კიევში, უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი შეხვედრა ხალხით სავსე(!) ოლიმპიურ სტადიონზე 1:1 დამთავრდა. საინტერესოა, რომ ამ მატჩის მიმოხილვას სხვადასხვა გამოცემა სხვადასხვანაირად იწყებს.

პირველი ვარიანტი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინასთან გვარიანად გაუჭირდა, საფრანგეთის ნაკრებმა მატჩის ფრედ დასრულება მოახერხა და D ჯგუფში დაუმარცხებელ გუნდად რჩება. ის 9 ქულით პირველ ადგილზეა.

მეორე ვარიანტი: საფრანგეთის ნაკრებს ძირითად დროში აგერ უკვე 5 თამაშია არ მოუგია. ბოლო მატჩი, სადაც ფრანგებმა 90 წუთში გამარჯვება მოახერხეს ევრო 2020-ზე, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ იყო…

პირველ ვარიანტს ერთი ნაკლი აქვს. ხსენებულ D ჯგუფში დაუმარცხებელი მხოლოდ საფრანგეთის ნაკრები არ არის, ამიტომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება მთლად სწორი არ უნდა იყოს. აქ წაგების გრაფაში 0 უწერია მეორე ადგილზე მყოფ ფინეთსაც და მესამე გუნდს უკრაინასაც, რომელმაც 5 შეხვედრიდან ხუთივე ფრედ ითამაშა.

ფინეთმა გუშინ ყაზახეთს მოუგო 1:0. ფინელებს ფრანგებსა და უკრაინელებზე ორი თამაშით ნაკლები აქვთ.

წინა შეხვედრა „ლურჯებმა“ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებთან ასევე 1:1 ითამაშეს.

უკრაინელებმა, რომლებიც ანდრეი შევჩენკოს შემდგომ ეპოქაში აგრძელებენ ცხოვრებას, ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, 44-ე წუთზე, მიკოლა შაპარენკოს ულამაზესი გოლით გახსნეს.

ფრანგებმა, რომლებმაც პირველ ტაიმში ერთი ხელსაყრელი ეპიზოდი გაუშვეს ხელიდან, ანგარიში შესვენების შემდეგ მალევე, 50-ე წუთზე გაქვითეს. ეს ანტონი მარსიალმა გააკეთა, თუმცა სტუმრების გოლი უფრო რაგბის ლელოს მოგაგონებდათ.