„მარკა“ მადრიდული გაზეთია და „ბარსელონაში“ მიმდინარე პროცესებს კრიტიკული თვალით აკვირდება. ზუსტად იმავეს აკეთებენ „რეალის“ მიმართ კატალონიური გამოცემები.

ამჯერად, „მარკამ“ „ბარსას“ უნიჭიერესი ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის ანსუ ფატისთვის ათნომრიანი მაისურის მინიჭების გონივრულობა დააყენა ეჭვქვეშ. მოგეხსენებათ, ლეო მესის წასვლის შემდეგ, „ბარსაში“ ამბობდნენ, რომ ათ ნომერს აღარავის ჩააცმევდნენ, მაგრამ ესპანეთში ნომრის გაუქმება აკრძალულია, ამიტომ „კამპ ნოუზე“ თავდაპირველი სიტყვა გადათქვეს და გამოაცხადეს, რომ მიმდინარე სეზონში „მესის ნომერს“ მხოლოდ თავიანთ აღზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცემდნენ, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში.

„მარკა“ წერს, რომ ფატისთვის ათი ნომრის მინიჭებამ ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ ფეხბურთელის მამა მაღაზიაში გაიქცა და ბლომად მაისურები იყიდა ზურგზე თავისი შვილის სახელით. მაგრამ რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ეს კლუბის მხრიდან? არის 19 წლის ბავშვი მზად მესის ნაქონი ნომრის სიმძიმეს გაუძლოს?

დავიწყოთ იქიდან, რომ ფატი გასულ სეზონში დაშავდა და ათი თვის უთამაშებელია.

გარდა ამისა, „ბარსელონაში“ ზურგზე ათი ნომერი ეწერათ მესის, რონალდინიოს, რიკელმეს, რივალდოს… „მარკა“ წერს, რომ აშკარა ნიჭის მიუხედავად ანსუს მათ დონემდე ჯერ შორი გზა აქვს გასავლელი.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ბარსელონაში“ მესის, ლუის სუარესის და ანტუან გრიზმანის წასვლის შემდეგ ფატის ებღაუჭებიან როგორც იმედს და აგრეთვე… მისთვის ათი ნომრის მიცემით ცოტათი მესის კვალის წაშლასაც ცდილობენ“, — წერს მადრიდული გაზეთი.