„რეალს“ ახალი გალაქტიკოს შექმნა გადაუწყვეტია: სურს ერთი წლის შემდეგ გუნდში კილიან მბაპეც ჰყავდეს და ერლიგნგ ჰოლანდიც.

„რეალისა“ და მბაპეს ისტორია მოგეხსენებათ: მადრიდელებს ამ ზაფხულს 22 წლის ფრანგის შეძენა სურდათ, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. პარიზელებმა მსოფლიოს ჩემპიონი 200 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდეს. ამის მიუხედავად, მათ თავდამსხმელთან განშორება წლეულს ალბათ მაინც მოუწევთ. მიზეზი მარტივია: მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება ანუ გაისად ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება და თუ პარიზულმა კლუბმა მანამდე არ გაყიდა, კაპიკსაც ვეღარ აიღებს. გამოდის, რომ „რელს“ მბაპეს შეძენის მორიგი შესაძლებლობა საახალწლოდ მიეცემა.

თუკი „რეალი“ ფრანგს საშობაო ბაზრობაზე შეიძენს, შემდეგ ჰოლანდზე გადაერთვება და შეეცდება სუპერაგენტ მინო რაიოლასთან გამონახოს საერთო ენა.

მბაპესა და ჰოლანდის შეძენა მადრიდელთა პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის დიდი ახალი პროექტია. მბაპეს ასაკი ზემოთ ვახსენეთ, ნორვეგიელი კი 21 წლისაა. მათ ევროპული ფეხბურთის მომავლად მიიჩნევენ და შესაბამისად, ორივეს ერთ გუნდში ყოლა როგორც პრაქტიკული ასევე კომერციული თვალსაზრისით დიდი წარმატების მომტანი უნდა იყოს.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც გაირკვა, რომ „პარი სენ ჟერმენი“ კილიან მბაპეს ამ ჯერზე არ გაყიდის, მადრიდელები დატრიალდნენ და ფრანგული ბაზარი ხელცარიელებმა მაინც არ დატოვეს — მათ „რენიდან“ ედუარდო კამავინგა გადაიბირეს.

„თეთრების“ თავკაც კარლო ანჩელოტის ნახევარმცველი სჭირდება. ახლა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ შეფები იმედოვნებენ, რომ 18 წლის კამავინგა მომდევნო წლებში გუნდის ძრავი გახდება.

აღსანიშნავია, რომ „რეალს“ ჰოლანდის წარმომადგენლებთანაც კარგად აქვს საქმე აწყობილი. ჯერ ერთი, ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელს სურს ჩემპიონთა თასზე (ლიგაში) ცამეტგზის გამარჯვებულ კლუბში თამაში და მეორეც, მადრიდელებს მის ახლანდელ კლუბთან, „დორტმუნდთან“ ჩინებული ურთიერთობა აქვთ.

და ბოლოს. 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა. ამბობენ, რომ მომავალ ზაფხულს პერესი მის გადაბირებასაც შეეცდება.