ეს 36 წლის კაცი მართლა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანი. პორტუგალიელმა დიადმა, კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მე-15 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო), შემდეგ მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, მაგრამ მან 89-ე და 90+6 წუთზე მაინც გაიტანა ორი თავური გოლი და თავისი ქვეყნის ნაკრებს 3 ქულა მოუტანა.
და რაც მთავარია, კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე რეკორდსმენი ირანელი ალი დაეი გახლდათ, რომელსაც კარიერაში 109 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ ამიერიდან 111 გოლით საუკეთესო შედეგის ავტორი რონალდუა.
ერთ-ერთი ინგლისური გამოცემა წერს, რომ ეს იყო კრიშტიანუს დიდი საღამო, რომლის განმავლობაშიც, ირლანდიელი ბავშვებისა და შეგირდებისგან შეკოწიწებული გუნდი ყველანაირად ცდილობდა ლოგიკას შეწინააღმდეგებოდა და „ესტადიო ალგრავედან“ სამი ქულა წაეღო, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ისეთი რამ დაემართა, რაც უმჯობესია მალე დაივიწყოს.
ამ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა ირლანდიელების 19 წლის მეკარე გევინ ბაზუნუმ, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ საკუთრებაა, მაგრამ იჯარით „პორტსმუშია“ გაშვებული. მან არა მხოლოდ პენალტი მოიგერია, არამედ პორტუგალიელებს სხვა ეპიზოდებშიც შეუშალა ხელი.
მაგრამ, კრიშტიანუს სახით პორტუგალიის ნაკრებს — და ახლა უკვე „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ — ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ჩარხის უკუღმა დატრიალება ნებისმიერ წამს შეუძლია და სანამ ის მოედანზეა, მატჩი დამთავრებულად არავინ უნდა მიიჩნიოს.
და ბოლოს, კრიშტიანუმ გამარჯვების გოლი მაისურის გახდით აღნიშნა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო და იძულებულია შემდეგი შეხვედრა გამოტოვოს. შემდეგი შესარჩევი შეხვედრა კი პორტუგალიელებს ბაქოში აქვთ აზერბაიჯანის ნაკრებთან. მანამდე ფერნანდო სანტუშის გუნდს უნგრეთში ელის ამხანაგური შეხვედრა ყატარის ეროვნულ გუნდთან. პორტუგალიური გაზეთის „ა ბოლას“ თქმით სანტუშმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ბუდაპეშტსა და ბაქოში ფრენა დამქანცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ რონალდუ, სავარაუდოდ, ნაკრებს ჩამოშორდება და ინგლისს გაეშურება, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ 2009 წლიდან მივიწყებულ გარემოს მშვიდად გაიხსენებს და შეეგუება.