„ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ განცხადება ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ აუქციონთან დაკავშირებით:
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის „ტორპედოს“ აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპარტონე – ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მომთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იგივე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია. შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში. მეტიც, ქუთაისის „ტორპედოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონების გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ „ტორპედოს“ და მის მომავალ ახალ მეპატრონეს.”