ლეო მესიმ „რეიმსის“ პატარა გულშემატკივარი გაახარა. არა მარტო იმით, რომ მამამისს გოლი ვერ გაუტანა, არამედ იმითაც რომ მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ფრანგულ ფეხბურთში მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი ჯაბა კანკავას ყოფილ გუნდთან შედგა. მესი მოედანზე ნეიმარის ნაცვლად 66-ე წუთზე შევიდა. ასე დაიწყო უდიდესი ფეხბურთელის ახალი ცხოვრება „ბარსელონას“ მიღმა.
„პარი სენ ჟერმენმა“ „რეიმსს“ სტუმრად 2:0 მოუგო. ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, მაგრამ არგენტინელის მოედანზე შესვლა იმხელა მოვლენა იყო, რომ დღის მთავარ ამბად ჩაითვალა.
რაც შეეხება „რეიმსის“ პატარა გულშემატკივარს, რომლის შესახებაც დასაწყისში მოგახსენეთ, ის გახლდათ მასპინძელი გუნდის სერბი მეკარის პრედრაგ რაიკოვიჩის მცირეწლოვანი ვაჟი.
თამაშის წინ მესის დებიუტზე ბევრს ლაპარაკობდნენ. გულშემატკივარი მას სასტარტო შემადგენლობაში ელოდა, მაგრამ პსჟ-ს მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გადაწყვიტა, რომ აჯობებდა, თუკი მესი შეხვედრაში გვიან ჩაერთვებოდა.
57-ე წუთზე, როდესაც 34 წლის ვარსკვლავი მოედნის პირას გასახურებლად გავიდა, „ოგიუსტ დელონზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა ის გულთბილად მიიღო. მაგრამ ეს არაფერი იყო სტუმარი გულშემატკივრის იმ ოვაციასთან შედარებით, რომელმაც სტადიონი კინაღამ დაანგრია, როდესაც დინამიკებში არგენტინელის გვარი და სახელი გამოაცხადეს. ეს გახლდათ მომენტი, რომელსაც „პარი სენ ჟერმენის“ ქომაგები ვერასდროს წარმოიდგენდნენ.
ანგარიში მე-16 წუთზე მბაპემ გახსნა. ამბობენ, რომ ეს შესაძლოა მისი ბოლო თამაში იყო პარიზელთა შემადგენლობაში — კონტრაქტით, მსოფლიოს ჩემპიონს პსჟ-თან ერთწლიანი თანამშრომლობაღა რჩება, „რეალი“ კი მასში 180 მილიონ ევროს იხდის.
22 წლის თავდამსხმელს მარცხენა ფრთიდან ბრწყინვალე ასისტენტობა გაუწია ანხელ დი მარიამ. ეს გახლდათ მბაპეს 134-ე გოლი „პარი სენ ჟერმენის“ სახელით. შესვენების შემდეგ მან 135-ეც გაიტანა. ამჯერად საგოლე პასი სტუმართა გუნდის კიდევ ერთმა ახალწვეულმა აშრაფ ჰაკიმიმ ჩააწოდა.
51-ე წუთზე ანუ მბაპეს მეორე გოლამდე, მასპინძელთა ზიმბაბველმა ნახევარმცველმა მარშალ მუნეტსიმ პსჟ-ს კარში გოლი შეაგდო. ყველას ეგონა, რომ ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ VAR-ზე ეპიზოდის ხანგრძლივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბურთი კარში ოფსაიდიდან შევარდნილა.