„ენფილდზე“, „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შეხვედრას, რომელიც 1:1 დამთავრდა, ვნებათაღელვა ახლდა. ამის მიზეზი იყო ლონდონელთა მცველის რის ჯეიმსის გაძევება, რომელმაც ინგლისში კამათი გამოიწვია.
თავიდან სტუმრები იგებდნენ. ანგარიში კაი ჰავერცმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს კი სადიო მანეს დარტყმული ბურთი კარის ხაზზე მდგომ ჯეიმსს ჯერ ფეხზე მოხვდა, შემდეგ ხელზეც შეეხო და კარში ვერ შევარდა. „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ეპიზოდი მყისვე გააპროტესტეს. მსაჯმა ენტონი ტეილორმა მომხდარი მონიტორზე შეამოწმა და გადახვევა-გადმოხვევის გარეშე, წამიერად მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება — პენალტიც დანიშნა და ჯეიმსსაც წითელი ბარათი ამოუღო.
თერთმეტმეტრიანი მო სალაჰმა გაიტანა. ამის შემდეგ კი ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთხანს, მდგომარეობა დაიძაბა.
დაპირისპირება გამოიწვია „ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდიმ, რომელმაც ბურთს ფეხი გაჰკრა, რის გამოც მას მერსისაიდელთა კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი წაეჩხუბა.
მსაჯს სიტუაციის დაწყნარება მართებდა და „ჩელსის“ ფეხბურთელები, მენდი და ანტონიო რუდიგერი გააფრთხილა.
პირველი ტაიმი რომ დამთავრდა, ტეილორს „ლურჯების“ კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა დაედევნა და მთელი გზა ეკამათებოდა.
„სქაი სპორტის“ მიმომხილველები ჯეიმი რედნაპი და ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი შეთანხმდნენ, რომ არბიტრი სწორად მოიქცა პენალტი რომ დანიშნა, თუმცა „ჩელსის“ ყოფილმა მოთამაშემ, ჰასელბაინკმა განმარტა, რომ ეს ხელით განზრახ თამაში არ იყო. ჯეიმსს მკლავი ბუნებრივ პოზიციაში ჰქონდა.
მან თქვა: „ვფიქრობ, მცველს ხელი ბუნებრივ პოზიციაში ჰქონდა. თუ დააკვირდებით, ის ბურთისთვის გზის გადასაჭრელად მუხლით წავიდა და ამიტომ მისი ხელი ბუნებრივად მოძრაობდა. როდესაც მუხლს სწევ ხელიც ბუნებრივად მოგყვება. შეუძლებელია, ასეთ დროს ხელები ზურგსუკან დამალო. მაგრამ, ჯეიმსს ბურთი ხელში მოხვდა და დიახ, ეს პენალტი იყო“.
რედნაპმა თქვა, რომ მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ჯეიმსმა ხელით ითამაშა, ხოლო წესების თანახმად ამას წითელი ბარათიც უნდა მოჰყოლოდა.