კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მამობილის, სერ ალექს ფერგიუსონის ზარმა დააბრუნა.

ლეგენდარულმა მწვრთნელმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს გუშინ დილით დაურეკა და როგორც ინგლისური პრესა წერს, ემოციური ლაპარაკით გეზი შეაცვლევინა — პორტუგალიელმა „მანჩესტერ სიტის“ ნაცვლად „მანჩესტერ იუნაიტედში“ ამოჰყო თავი. „ოლდ ტრეფორდზე“ მას კვირაში 480 000 გირვანქას გადაუხდიან.

ახლა ირკვევა, რომ სერ ალექსამდე რონალდუსთვის თანამემამულეს, „იუნაიტედის“ ვარსკვლავ ბრუნო ფერნანდეშსაც დაურეკავს.

მანკუნიანელთა ლეგენდა რიო ფერდინანდი: „სერ ალექსმა რონალდუს ტრანსფერში უდიდესი როლი ითამაშა. კრიშტიანუს მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ასეთი კავშირი მხოლოდ გამორჩეულ ფეხბურთელს და მწვრთნელს შეიძლება ჰქონდეს. სერ ალექსის ზარი რომ არა, რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ გადავიდოდა. ამას წყალი არ გაუვა“.

„იუნაიტედის“ ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა და მისმა მარჯვენა ხელმა მეტ ჯაჯმა ტურინელ კოლეგებთან და რონალდუს აგენტ ჟორჟი მენდეშთან ბრწყინვალე მოლაპარაკებები აწარმოეს. მათ „იუვენტუსს“ 12,85 მილიონი გირვანქა გადაუხადეს და აღუთქვეს, რომ წარმატების შემთხვევაში 6,85 მილიონსაც დაუმატებენ.

36 წლის მეგავარსკვლავმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მას შემდეგ რაც გარიგება შედგა, რონალდუმ „იუვეს“ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის შეატყობინა, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი აღარ იყო და ალეგრიმ ის „ემპოლისთან“ დღევანდელი შეხვედრის შემადგენლობიდან ამოიღო.

შემდეგ, კრიშტიანუ ლისაბონში გაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და პორტუგალიის ნაკრებს შეუერთდა.

პორტუგალიას 1 სექტემბერს შინ ირლანდიასთან, ხოლო 7 სექტემბერს სტუმრად აზერბაიჯანთან აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები, მათ შორის, 4 სექტემბერს კი ყატარში ელის ამხანაგური მატჩი.

ინგლისური პრესა წერს, რომ რონალდუს „მანჩესტერთან“ პერსონალური დეტალები, ბრიტანეთში სამუშაო ვიზის საკითხი და სამედიცინო შემოწმება დარჩა გასავლელი.

მას „ოლდ ტრეფორდზე“ 11 სექტემბერს, „ნიუკასლთან“ შეხვედრაში ელიან.