კარგა ხანია „რეალი“ ბელგიელი ედენ აზარის გაყიდვას ცდილობს და ძლივს რეალური ვარიანტი გამოუჩნდა, მაგრამ…
30 წლის ფორვარდს მადრიდიდან წასვლა არ უნდა. არც გაემტყუნება: ასეთ ფორმაში მყოფ აზარს წლიურად 15 მილიონ ევროს არავინ გადაუხდის. მათ შორის არც ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელს ეძებს.
2019 წელს ფლორენტინო პერესმა აზარი „ჩელსიდან“ დაახლოებით 113 მილიონ ევროდ იყიდა, დღეს კი ექსპერტები მის სატრანსფერო ფასად 33-40 მილიონს ასახელებენ.
„რეალი“ მზადაა, 50 მილიონ ევროდ შეელიოს ყოფილ ვარსკვლავს.
მადრიდში უკვე ამბობენ, რომ უფრო ადვილი იქნება 2022 წელს ერლინგ ჰოლანდის დამატება, ვიდრე აზარის ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება.
ძვრასაც ვერ უშვებიან – კონტრაქტი 2024 მაქვს და ბოლომდე დავრჩებიო.
ინფორმაციისთვის: ფორვარდმა, რომელსაც წლიურად 15 მილიონს უხდიან, გასულ სეზონში ჯამში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.