კრიშტიანუ რონალდუ კვირაში 510 000 გირვანქას ითხოვს. ამ შემთხვევაში ის „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს. „სანი“ კი წერს, რომ თუ ქალაქელები მას ასეთ ხელფასს დაუნიშნავენ, გუნდში შეიძლება უკმაყოფილება დაიწყოს.
შედარებისთვის, ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი კვირაში 385 000 გირვანქას იღებს. შემდეგ მოდიან რაჰიმ სტერლინგი (კვირაში 300 000), ჯონ სტოუნზი (250 000) და ჯეკ გრილიში (230 000).
გაზეთი აგრეთვე წერს, რომ რონალდუს „იუვენტუსიდან“ „სიტიში“ გადასვლას წინ სხვა წვრილმან-მსხვილმანიც უდგას, მაგრამ ტრანსფერი გამორიცხული ნამდვილად არ არის.
ტურინელები კრიშტიანუს სანაცვლოდ (გარდა იმისა, რომ უზარმაზარი ხელფასის ტვირთს მოიშორებენ) 24-დან 25,5 მილიონ გირვანქას ან სხვა ფეხბურთელს ითხოვენ. ეს ვარიანტი მანჩესტერელებს გულზე არ ეხატებათ. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან პორტუგალიელის გასამრჯელო მთლიანად იკისრონ, ოღონდ მეტი აღარაფერი უნდა ჰქონდეთ გადასახდელი.
„იუვენტუსს“ კი რონალდუს სანაცვლოდ გაბრიელ ჟესუსი სდომებია, მაგრამ ბრაზილიელს პეპ გვარდიოლა ვერ ელევა.
ამრიგად, იკვეთება მთავარი პრობლემა: „იუვე“ რონალდუს სანაცვლოდ კიდევ მიიღებს რაიმეს თუ მხოლოდ მისი დიდი ხელფასისგან გათავისუფლდება. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟი მენდეში ცდილობს „ბებერი ქალბატონის“ შეფები დაიყოლიოს, რათა მათ „სიტის“ აღარავინ და აღარაფერი მოსთხოვონ, მაგრამ ისინი ყაბულს არ არიან.
რონალდუს უკვე აქვს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება. 2003-09 წლებში ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
AS წერს, რომ რონალდუმ და „სიტიმ“ პერსონალური საკითხები უკვე შეათანხმეს.