პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან“ წავა.

კატალონიელი მწვრთნელისა და „ქალაქელების“ კონტრაქტს, რომელიც მათ გასულ ნოემბერს გაახანგრძლივეს, ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის.

50 წლის გვარდიოლა უკვე შვიდი სეზონია რაც „ეტიჰედზე“ მუშაობს. ის ამბობს:

— „მანჩესტერ სიტიში“ გატარებული შვიდი წლის შემდეგ დასვენება მჭირდება. უნდა შევჩერდე და მიმოვიხედო, სხვა მწვრთნელებისგან ვისწავლო.

მინდა სანაკრებო ფეხბურთზე გადავერთო. რომელიმე ქვეყნის ეროვნულ გუნდს ჩავუდგე სათავეში. მსურს მივიღო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, კოპა ამერიკაზე გამოსვლის გამოცდილება.

ჩემი მომდევნო ნაბიჯი აუცილებლად რომელიმე ქვეყნის ნაკრები იქნება“.

გვარდიოლას ფეხბურთისგან ადრეც დაუსვენია. 2012 წელს, როდესაც ტიტულებით დატვირთული „ბარსელონადან“ წავიდა, მთელი წელიწადი უმოქმედოდ იყო.

ის საქმეს 2013-ში დაუბრუნდა და „ბაიერნის“ სათავეში იუპ ჰაინკესი შეცვალა. გერმანიის რეკორდმაისტერს კატალონიელმა სამჯერ ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული და ორჯერ ქვეყნის თასი მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერას გახდა.

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე გვარდიოლა ვერც შემდეგ კლუბთან, „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ავიდა. ბოლო გათამაშების ფინალშიც იყო, მაგრამ „ჩელსისთან“ დამარცხდა 0:1. არადა, პეპმა „სიტი“ სამჯერ გახადა პრემიერლიგის ჩემპიონი. მის ხელში „ქალაქელებმა“ ერთხელ ფეხბურთის ასოციაციის თასი და ოთხჯერ ლიგის თასი მოიგეს.

„მანჩესტერ სიტი“ შაბათს „არსენალს“ მასპინძლობს.