„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ჰარი კეინს ხელფასს კვირაში 100 000 გირვანქით უზრდის. ასე აღნიშნავს ლონდონელთა თავმჯდომარე დენიელ ლევი ინგლისის ნაკრების კაპიტნის კლუბში დარჩენას. მის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე ლაპარაკი დასრულდა.

კეინმა გუშინ განაცხადა, რომ ერთი წლით „სფურზში“ რჩება. მან ტვიტერით განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნა გულშემატკივარს. „ვულვზთან“ მოედანზე რომ გავედი, ტრიბუნიდან თქვენმა გულთბილმა შეხვედრამ გადამწყვეტი როლი ითამაშაო. თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის საუკეთესო თავდამსხმელმა აგრეთვე თქვა, რომ წაიკითხა მისთვის მიწერილი მეილები და გული მოულბა. რასაკვირველია, ასეც იქნებოდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მან ბოლო წამამდე სცადა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, ოღონდ არაფერი გამოუვიდა, რადგან ლევიმ ვაჭრობა არც კი ისურვა. „დეზების“ თავმჯდომარემ ფორვარდის ფასად 150 მილიონი გირვანქა დათქვა და პენი არ დააკლო, „სიტიმ“ კი 120 მილიონზე მეტი ვერ ან არ გადაიხადა.

სავარაუდოდ, ახლა „სიტის“ ფრონტზე კრიშტიანუ რონალდუს აგენტთა გუნდი გააქტიურდება.

28 წლის კეინმა კი ზემოხსენებულ ტვიტში დაწერა: „ამ ზაფხულს „ტოტენჰემიდან“ არსად მივდივარ და ჩვენი გუნდის წარმატებაზე 100 პროცენტით ვიქნები მობილიზებული“.

ფრაზამ, „ამ ზაფხულს არსად მივდივარ“, გააჩინა ეჭვი, რომ კეინი ზამთარში აპირებს გაძრომას. სატრანსფერო ფანჯარა ხომ საშობაოდაც იღება. ამიტომაც გაიკრა ლევიმ ჯიბეზე ხელი და თავდამსხმელის გასამრჯელოს მნიშვნელოვნად გაზრდა გადაწყვიტა.

მოქმედი ხელშეკრულების თანახმად კეინის ხელფასი არის კვირაში 230 000 გირვანქა და ეს შეთანხმება კიდევ სამ წელიწადს იმოქმედებს. ახლა, „ტოტენჰემი“ შეეცდება თავდამსხმელს, რომელმაც ჩრდილოლონდონურ გუნდს მთელი კარიერა შეალია, მაგრამ დიდ ტიტულთაგან ერთიც ვერ მოიგო, 2027 წლამდე გაუფორმოს კონტრაქტი, ხოლო ჯამაგირი კვირაში 330 000 გირვანქამდე გაუზარდოს.

2027 წელს კეინი 34 წლის იქნება.