როცა პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ იქმნებოდა, თავისთავად ნაგულისხმევი იყო, რომ მას სათავეში ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ლევან მაისაშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი ჩაუდგებოდნენ.
პრინციპში, ასეც მოხდა და ბორჯღალოსნების გურუთა მთელი შემადგენლობა და მათთან ერთად ასაკობრივ ნაკრებთა სადამრიგებლო გუნდები ერთობლივად გაუძღვებიან „შავ ლომს“, ოღონდ ერთი გამონაკლისი მაინც იქნება. ცნობილ მიზეზთა გამო ლევან მაისაშვილი ამ პროცესში მონაწილეობას ჯერჯერობით ვერ მიიღებს და მის გამოჯანმრთელებასა და მწყობრში ჩადგომამდე ფრენჩაიზს ილია მაისურაძე უთავკაცებს.
„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის ფუნქციების შესრულება დაეკისრა ეროვნულ ნაკრებში მაისაშვილის ასისტენტსა და ამავდროულად 20-წამდელთა ნაკრების დამრიგებელს. თავის მხრივ, ილოს ასისტენტი ლადო კილასონია იქნება – ახალგაზრდა, მაგრამ უკვე დიდი სამწრთნელო გამოცდილების პატრონი.
მათ გარდა სამწვრთნელო შტაბში შევიდნენ ფიზმომზადების, ცალკეული რგოლების, აღდგენა-რეაბილიტაციის, ვიდეოანალიტიკისა და სხვა მიმართულებების სპეციალისტები:
ირაკლი ჭყონია, დავით ნემსაძე, ნიკა პინაიშვილი, აბესალომ აბრამიშვილი, უილიამ ლუისი, ედ ბარი და დავით რამიშვილი.
„შავი ლომის“ მენეჯერები იქნებიან ლექსო იორდანიშვილი და ვეტერენი ბორჯღალოსანი ვასილ აბაშიძე.
გუნდი მზადებას უკვე შეუდგა და დღეში სამჯერ ვარჯიშობს. ბუნებრივიცაა – „რაგბი ევროპის“ სუპერთასი სტარტს ხომ 18 სექტემბერს აიღებს.