საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი ძველ მოქიშპეებს, „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის ჩაიშალა. მიზეზი: მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რასაც მოჰყვა აყალ-მაყალი ფეხბურთელების, დირექტორატის წევრების, კლუბის თანამშრომლების და ცხადია თავად ჭკუიდან გადასული ფანების მონაწილეობით.
შეხვედრა ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ზურგში კარსუკანა ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა. პაიე ჯერ, როგორც ფეხბურთელებს სჩვევიათ, მოედანზე გაგორდა, შემდეგ კი თავი ვეღარ შეიკავა, წამოდგა და იგივე ბოთლი ფანებს გაუქანა.
ამის დანახვაზე გულშემატკივრები, რომლებიც თამაშის მსვლელობისას მსაჯს ნივთების სროლის გამო უკვე ჰყავდა გაფრთხილებული, გაბრაზდნენ და მოედანზე შეცვივდნენ. „მარსელის“ ფეხბურთელები და სტაფის წევრები არ შეშინებულან. მეტიც, აურზაურის ვიდეოჩანაწერში ერთგან ჩანს, რომ სტუმარი გუნდის სტაფის წევრმა მავანი გადმომხტარი ფანი მოედანზე დაანარცხა.
საბოლოოდ, ორივე გუნდი გასახდელში შევიდა და საათნახევრის განმავლობაში იქ ელოდა ოფიციალურ პირთა გადაწყვეტილებას, რომ მატჩი აღარ გაგრძელდება, ჩაიშალა.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ნიცას“ ფეხბურთელები“ მოედანზე დაბრუნდნენ, მაგრამ კოლეგებს „მარსელი“ არ შეუერთდა.
საქმეს არც „ნიცას“ პრეზიდენტის ჟან-პიერ რივერის მიმართვამ უშველა. მან სტადიონის დინამიკებიდან მოუწოდა ქომაგებს დაშოშმინებულიყვნენ და ფეხბურთელებისთვის მატჩის ჩამთავრების შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ ამან სტუმარი გუნდის გული ვერ მოალბო.
აყალმაყალის დროს „მარსელის“ მწვრთნელ ხორხე სამპაოლის გვირაბში ძალით გაყვანა დასჭირდა, თორემ „ნიცას“ ფეხბურთელების საცემად იწევდა.
„ეკიპის“ ცნობით ჩხუბში დაშავდნენ „მარსელის“ მოთამაშეები პაიე, მატეო გუენდუზი და ლუან პერესი დაშავდნენ. სოციალურ მედიაში მათი ტრავმების ფოტოები გავრცელდა, მაგრამ დადასტურებული არ არის, რომ ეს ფოტოები ავთენტურია.
ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო RMC-მ გაავრცელა ცნობა, რომ „მარსელის“ პრეზიდენტი პაბლო ლონგორია VIP ლოჟაში „ნიცას“ ვეტერან ხოსე კობოსს ეჩხუბა.
იმავე სააგენტოს ცნობით, „ნიცას“ ფეხბურთელები ჟან კლერ ტოდიბო და ცნობილი ჰოლანდიელი ვარსკვლავის პატრიკ კლუივერტის ვაჟი ჯასტინ კლუივერტი „მარსელის“ უსაფრთხოებამ სცემა.
„ნიცა“ 1:0-ს იგებდა. იმის გამო, რომ „მარსელმა“ მოედანზე დაბრუნება იუარა, წესის თანახმად მას 0:3 წაგება უნდა ჩაეთვალოს. სტუმრები ასეთ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.