„არსენალმა“ დაადასტურა, რომ ერთი კვირის წინ, პრემიერლიგის პირველ ტურში, თავდამსხმელები პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ალექსამდრ ლაკაზეტი covid 19-ის გამო ვერ ათამაშა.
ობამეიანგი და ლაკაზეტი ბოლო წამს ვეღარ მოხვდნენ შემადგენლობაში. „მეთოფეებმა“ წააგეს 0:2, რასაც არავინ ელოდა.
კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კოვიდი შეეყარათ მეკარე ალექს რუნარსონსა და გამთამაშებელ ვილიანსაც.
ხსენებული ოთხეულიდან ჯერჯერობით მხოლოდ ობამეიანგი გამოჯანმრთელდა და თუ მოხერხდება კვირას, შინ, „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
ახლაღა ითქვა, რომ „ბრენტფორდთან“ შეხვედრის წინ ლონდონელთა გუნდში არეულობა იყო. გაჩნდა შიში, რომ „მეთოფეებს“ შორის სხვებიც იყვნენ ავად და მატჩის გადადებას ფიქრობდნენ, მაგრამ ტესტირებამ შეხვედრას მწვანე შუქი აუნთო.
ამრიგად, გუნდები მოედანზე გავიდნენ, მაგრამ „არსენალი“ უკბილოდ დარჩა. მიკელ არტეტა იძულებული გახდა თავდასხმაში ამერიკაში დაბადებული და ინგლისში გაზრდილი, წარმოშობით ნიგერიელი, 20 წლის ფოლარინ ბელოგანი ეთამაშებინა. საქმეს ბელოგანის ოსტატობა არ ეყო — როგორც მოგახსენეთ, „არსენალმა“ წააგო.
რაც შეეხება ობამეიანგსა და ლაკაზეტს. გაბონელზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ამბობდნენ, „არსენალიდან“ მიდისო. არტეტას შემადგენლობა გადასახალისებელი ჰყავს, რადგან იმ შედეგებს, ქომაგებს რომ ენატრებათ, გუნდი ვეღარ აღწევს.
იმავეს ამბობდნენ 30 წლის ლაკაზეტზეც. არც ახლა დამცხრალა ხმები, რომ ფრანგმა შეიძლება „ტლეტიკოში“ ამოჰყოს თავი.