„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ტელეკომპანია ETB-ს გადაცემა El día de mañana-სთვის („ხვალინდელი დღე“) მიცემულ ინტერვიუში „კამპ ნოუზე“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.
თავიდან ვალვერდეს ჰკითხეს, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც „ბარსას“ თავკაცობა შესთავაზეს. მან უპასუხა:
„მყისიერად დავთანხმდი, რადგან ეს იყო შესანიშნავი პერსპექტივა. მე შემეძლო დიდი გამოცდილება შემეძინა და ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი“.
გუნდიდან წასვლა?
ვალვერდე: „წავედი და… სულ ეს იყო“.
როდესაც ერნესტო ვალვერდე „ბარსელონაში“ მუშაობდა, ბევრს ლაპარაკობდნენ ლეო მესისა და სხვა წამყვან ფეხბურთელებთან მის შეხლა-შემოხლაზე.
„მე ამის შესახებ საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ. ეს ჩემი საიდუმლოს ნაწილია. სწორედ ასე უნდა იყოს. ჯობს ხალხმა არ იცოდეს როგორები ვართ ცხოვრებაში. უმჯობესია თუკი მათ სიმართლე არ ეცოდინებათ“.
ბოლოს რესპონდენტს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს დაუბრუნდეს ფეხბურთის მწვრთნელის საქმიანობას. ვალვერდემ, რომელიც იმავდროულად ფოტოხელოვანია და გამოფენებსაც აწყობს, უპასუხა:
„ალბათ მართლაც დაბრუნების დროა, მაგრამ სტიმულის მომცემი სამსახური მჭირდება. „ბარსადან“ წასვლის შემდეგ, ფეხბურთისგან დასვენება მჭირდებოდა. მინდოდა მემოგზაურა, მაგრამ ვერ შევძელი. პანდემიამ შემიშალა ხელი“.