„ჩელსიში“ დაბრუნებული რომელუ ლუკაკუსგან ელიან, რომ ის პრემიერლიგაში გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს ვიდრე ბოლოს, იტალიაში წასვლამდე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. თავად ლუკაკუ დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება და მიზეზსაც ასახელებს — „ინტერში“ მას ანტონიო კონტე წვრთნიდა. კონტემ 28 წლის ფორვარდს განა მარტო საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა, არამედ ბევრი პრაქტიკული რამ ასწავლა.
საინტერესო დამთხვევაა: ბელგიელი „ჩელსიში“ იმიტომ დაბრუნდა, რომ გუნდს ინგლისის ჩემპიონობა მოაგებინოს; კონტე კი ის მწვრთნელია, რომელმაც 2017 წელს, დასავლეთ ლონდონელები პრემიერლიგის ბოლო ტიტულამდე მიიყვანა.
„იტალიური ფეხბურთი ინგლისურისგან როგორც ტაქტიკურად ასევე ტექნიკურად ძალიან განსხვავდება, — ყვება ლუკაკუ, — „ინტერში“ ბურთს დიდხანს ვფლობდით. კარისკენ როგორც წესი ზურგით ვიდექი და ყველა შეტევა ჩემი მონაწილეობით მიმდინარეობდა. ახალი ჩასული რომ ვიყავი, კონტე სწორედ ამის შესახებ მელაპარაკა.
მან მითხრა, რომ კარისკენ ზურგით თამაში კარგად არ მეხერხებოდა. ამ ნათქვამით კონტემ, შეიძლება ითქვას, ცალი თვალი ამიხილა. დრო რომ გავიდა და ეს კომპონენტი დავხვეწე, ვიგრძენი, რომ თამაშის ტემპი თითქოს შენელდა. მოვლენებს უკეთ ვაკონტროლებდი და თანაგუნდელებსაც უკეთ ვეხმარებოდი. მივხვდი, რომ სწორედ ეს მჭირდებოდა — გამოცდილების სხვა ქვეყანაში ამაღლება. ანტონიო კონტემ ფასდაუდებელი დახმარება გამიწია. ის, რაც „ინტერში“ ვისწავლე, მთელი დარჩენილი კარიერის განმავლობაში გამომადგება“.
ლუკაკუ „ჩელსიში“ პირველად 18 წლისა მოხვდა და დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. შემდეგ, ის „ევერტონმა“ წაიყვანა, სადაც ბელგიელმა უფრო გამოიჩინა თავი, ოღონდ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით — მეტოქის საჯარიმოში თავურებს არტყამდა კარგად. ამის მერე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ის უფრო კომბინაციური სტილის ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მაინც ეპიზოდურად ბრწყინავდა, დღეს კი, იტალიაში მიღებული გამოცდილებით გამდიდრებული, „ჩელსიში“ ბრუნდება და ასე ამბობს:
„ბოლო წლებში ვუყურებდი პრემიერლიგის თამაშებს და ვატყობდი, რომ დონე ამაღლდა, ფეხბურთელები დაიხვეწნენ. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. მე მისთვის მზად ვარ. პრემიერლიგაში ცოტ-ცოტა ყველაფერია, მაგრამ, ვიმეორებ, იტალიაში მიღებულმა გამოცდილებამ გაცილებით სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამომაყალიბა“.
ლუკაკუმ თქვა, რომ სანამ „ჩელსიში“ დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებდა, რჩევა ტიერი ანრის და დიდიე დროგბას ჰკითხა, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა მასზე „ლურჯების“ თავკაცმა თომას ტუხელმა იქონია.
ლუკაკუ: „ტუხელის ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყველა მატჩში ახალი გეგმა აქვს. მე მას, ჩვენი პირველი შეხვედრისას ამის შესახებ ველაპარაკე კიდეც. „რა ხანია ვცდილობ მივხვდე, რა გინდა გუნდისგან, მაგრამ ვერ ვხვდები, რადგან ყოველი თამაში განსხვავებულია“ — ვუთხარი მე. ჩემთვის ეს დიდი ინტრიგაა. ტუხელი ტაქტიკურად ძალიან ძლიერი მწვრთნელია“.