გერმანულმა „ჰერტამ“ ბუნდესლიგის პირველ ტურში 1:3 წააგო „კიოლნთან“. ბერლინელთაგან ერთადერთი გოლი კი 31 წლის მონტენეგროელმა ფორვარდმა სტევენ იოვეტიჩმა გაიტანა. ამ გოლით ის მეორე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც ევროპის ხუთივე ტოპ ლიგაში (ინგლისი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი) აქვს გატანილი.
აქამდე იგივე მხოლოდ რუმინელ ფლორიან რადუჩიოუს ჰქონდა გაკეთებული. ბუნებრივია, ამ მიღწევის გაუმჯობესება შეუძლებელია და გამეორებას რაც შეეხება, არც ეს იქნება იოლი საქმე.
მათ შორის, ვინც ჯერ კიდევ თამაშობს, ოთხ ტოპ ლიგაში სულ რამდენიმეს აქვს გოლი გატანილი.
ისინი თეორიულ შანსს ინარჩუნებენ, მაგრამ ისინი ღრმა ვეტერანები არიან და ტოპ ლიგებში მათი მოხვედრის შანსიც ნულს უტოლდება.
ყველაზე ახლოს „ხუთვარსკვლავიან მეგოლეობასთან“ 40 წლის შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც გერმანულ ბუნდესლიგაში არ აქვს გატანილი.
გახსოვთ ბოიან კრკიჩი? ბარსელონელ ვუნდერკინდს ოთხი ტოპ ლიგა აქვს დალაშქრული, ახლა 31 წლისაა და იაპონურ „ვისელ კობეში“ ბურთაობს. მას, ასაკიდან გამომდინარე, საფრანგეთში გადაბარგების და თუნდაც ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ აქვს.
ასევე საფრანგეთის ლიგა დარჩათ დაულაშქრავი 36 წლის კევინ პრინც ბოატენგს და 34 წლის ობაფემი მარტინსს.
პირველი დღემდე ბერლინის „ჰერტაში“ ირიცხება, მეორე კი (ჩვენ ჯვარი გვწერია და) – ჩინურ „უხანში“.
უცნაური რამაა სტატისტიკა. არასოდეს იცი, ვის და რა კონტექსტში ამოატივტივებს. ზემოთ ვინც ვახსენეთ, სულ სახელიანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ერთ ადგილზე ვერ გაიდგეს ფესვი. ყველა პაოლო მალდინი ხომ არ იქნება, ბავშვობის სიყვარულს შეაბერდეს.