საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი მათე კაპანაძე 18 წლის არის.
ვარჯიში ქუთაისში, მერაბ ნაცვლიშვილთან 9 წლის ასაკში დაიწყო, 2016 წელს კი, თბილისში ზაზას აკადემიაში გადავიდა, სადაც ზორან პენოსა და ირაკლი მაისურაძის ჯგუფში ვარჯიშობდა. მესამე წელიწადია უკვე „დინამოშია“ და საქართველოს სუპერლიგასაც გაუშინაურდა.
ამას წინათ, თბილისში ჩატარებულ ევროჩელენჯზე ასასკობრივი ნაკრებიც დააჭაშნიკა, სადაც საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ ითამაშა.
183 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელი ამპლუით გამთამაშებელია. პოზიცია, რომელიც ყველაზე მეტად გვიჭირს ნაკრებში. 20-წლამდელთა ნაკრებს კი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი მილოშ გლიგორიევიჩი წვრთნის და ცხადია, მათეც მისი თვალთახედვის არეშია.
რა გამოცდილება მიიღო მათემ უფროს ბიჭებთან თამაშითა და გამოცდილ მწვრთნელთან მუშაობით, ამის შესახებ თავად გვესაუბრა:
„ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რადგან საფრანგეთი, თურქეთი და გერმანია A დივიზიონის გუნდები არიან და ასეთი დონის გუნდებთან იშვითად გვიწევს თამაში. მართალია, მხოლოდ თურქეთს მოვუგეთ, სხვა თამაშები წავაგეთ, მაგრამ ამ ეტაპზე რაც მთავარია, გამოცდილება მივიღეთ. პირადად ჩემთვის, ასე იყო. გლიგორიევიჩთან მუშაობაც სასარგებლო იყო. ყველანაირად ცდილობდა დაგვხმარებოდა, ბევრი გვასწავლა და კონკრეტულ ნიუანსებშიც გაგვარკვია. თამაშის დროსაც გარკვეულწილად თავისუფლებას გვაძლევდა, არ გვზღუდავდა. რაც მთავარია, იმ ყაიდაზე გვათამაშებდა, როგორც ზუროსი ათამაშებს ნაკრებს. გარკვეულწილად ესეც ერთგვარი შეჩვევაა ნაკრებთან და თუ იქ ვინმე მოხვდება ჩვენი გუნდიდან, ადაპტაციის გავლა აღარ გაუჭირდება“, – გვითხრა კაპანაძემ, ვისაც გასაიდაც უწევს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში.
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს კი სწორედ თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრებისა და კაპანაძის ძალაც იქ გამოჩნდება. მათე-ბიჭი კი მეტ მოგებასა და წარმატებას გვპირდება…