შაბათს, „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა თავიანთ ახალ „გალაქტიკოებს“ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. განსაკუთრებული ოვაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო მესის ერგო.

ეს მოხდა ახალი სეზონის პირველი თამაშის წინ, რომელიც პარიზელებმა „სტრასბურს“ 4:2 მოუგეს. ფანებს ზაფხულის ხუთი ახალწვეული წარუდგინეს. ისინი იყვნენ ხსენებული მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟინიო ვინალდუმი და ჯანლუიჯი დონარუმა. სხვა საქმეა, რომ ჩამოთვლილთაგან შეხვედრაში მხოლოდ ვინალდუმმა და ჰაკიმიმ მიიღეს მონაწილეობა.

„გასული კვირა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, — თქვა მესიმ, — წარმოუდგენლად თბილი მიღებისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ჩემი ცხოვრების ახალმა პერიოდმა ძალიან ამაღელვა. ბედნიერი ვარ“.

ფრანგული კლუბის ფანებმა მესი იხელთეს და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ართმევდნენ ავტოგრაფებს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მათ არც სერხიო რამოსი დავიწყებიათ და ესპანელი ვეტერანისთვის საგანგებო სიმღერა მოუმზადებიათ.

„დღეს, ჩემთვის დიდი დღეა, — განაცხადა რამოსმა, — მე გადავედი გუნდში, რომელსაც შეუძლია ყველა ტიტული მოიგოს“.

თუმცა, „პარკ დე პრენზე“ გამართული წარდგინებასა და ზეიმს თან სტვენაც ახლდა — გულშემატკივრები ცუდად შეხვდნენ კილიან მბაპეს, რომელმაც  პარიზულ კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა.

პსჟ-ს დირექტორატს ახლა ორი ვარიანტი აქვს: ან ახლავე უნდა გაყიდოს მბაპე, სავარაუდოდ 150 მილიონ ევროდ, ან ერთი სეზონი კიდევ გააჩეროს თავისთან და გაისად ისე გაუშვას, რომ მის სანაცვლოდ ცენტიც ვერ აიღოს.

მყიდველი დიდი ხანია ცნობილია — „რეალი“. მადრიდული კლუბი მზად არის ახლავე მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას.