დიახ! მამუკა გორგოძე რაგბს დაუბრუნდა. ამიერიდან ქართული რაგბის ლეგენდა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი იქნება, თანაც ამ, სამეთვალყურეო ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციაში ის ნამდვილად არ იქნება ერთადერთი ლეგენდარული ბორჯღალოსანი!

მამუკას გარდა გამგეობის წევრად აირჩა ასევე დავით კაჭარავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც პოლიტიკაზე ბრწყინვალე სპორტული კარიერის დასრულებისთანავე გადაერთო, მაგრამ გულმა საყვარელი საქმის გარეშე დიდხანს ვერ გაუძლო და კაჭიც სრკ-ს გამგეობის წევრი გახდა.

15 აგვისტოს საქართველოს რაგბის კავშირმა რიგგარეშე საერთო კრება ჩაატარა, რომლის მსვლელობისას ძველ გამგეობას უფლებამოსილება შეუწყდა და ეს ორგანო ხელახლა დაკომპლექტდა.

ამიერიდან გამგეობის წევრები იქნებიან საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები მამუკა გორგოძე, დავით კაჭარავა, გიორგი ქერაშვილი, რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ანთაძე, ვეტერანი მორაგბეები გივი ჭიჭინაძე, ალეკო ხვედელიძე და სხვები.

გარდა ამისა, კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ დამაიმედებელი ამბავი მოახსენა კრების მონაწილეებს – ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ლევან მაისაშვილი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ექიმებიც დამაიმედებელ პროგნოზებსაც გასცემენ! ველით ლევანის სამშობლოში დაბრუნებას.

სხვა საკითხები სახელმწიფო დაფინანსების გაზრდასა და სრკ-ს მიერ ვალების გასტუმრების დინამიკას შეეხებოდა. ყოველივე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უბრალო გულშემატკივარს ყველაზე მეტად ის გაახარებდა, რომ ახალ გამგეობაში ესოდენ ავტორიტეტული ხალხი შეიკრიბა. წარმატებები მამუკას, კაჭის და უკლებლივ ყველა ახალარჩეულ ფუნქციონერს!

სრკ-ს გამგეობის ახალი შემადგენლობა: გიორგი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, აკაკი დავითულიანი, მამუკა გორგოძე, ზვიად თავართქილაძე, გელა ქობულაძე, მერაბ ანთაძე, გიორგი ქერაშვილი, ალექსანდრე ხვედელიძე, კობა გიორგაძე და დავით კაჭარავა.