„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ-მარია ბარტომეუმ მის მემკვიდრეს, ჟოან ლაპორტას ღია წერილით მიმართა, რომელშიც თავის გამართლება და კონტრშეტევა სცადა.
მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი კატალონიური კლუბის სავალალო ფინანსური მდგომარეობა. ის ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლით დამთავრდა. მესის წასვლამ კი დიდი ხმაური გამოიწვია. გაისმა ბრალდებები, რომ ეს ყველაფერი ბარტომეუს ბრალია.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ჩაფიქრებული ეკონომიკური ზომების ბოლომდე გატარება არ აცალეს, თორემ covid 19-ის კრიზისს კლუბი ვერ იგრძნობდა.
ბარტომეუს აზრით, ლაპორტას მდგომარეობიდან გამოსასვლელად იდეები არ აქვს და მხოლოდ წინამორბედის კრიტიკით არის დაკავებული.
„კლუბის დირექტორატი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას კანონით განსაზღვრულ დროს, ჩვენი უფლებამოსილების ამოწურვის თარიღისთვის, 2021 წლის 21 მარტისთვის აპირებდა. ასე რომ მომხდარიყო, მე მოვასწრებდი 2020-21 წლების სეზონის ფინანსების გათვლას და მივიღებდი გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღევანდელ ურთულეს მდგომარეობას აგვაცილებდა“, — წერს ბარტომეუ ღია წერილში, — „თან, მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით პასუხისმგებლები ლოქდაუნსა და მის შედეგებზე. გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალ დირექტორატს უნდა მიეღო, თვალწინ იყო და ასე რომ არ მოიქცნენ, ეს მათ პასიურობაზე მიუთითებს“.
ბარტომეუს განცხადება, რომ უებარ წამალს ფლობდა და რომ ეცლიათ აუცილებლად გამოიყენებდა, რასაკვირველია დემაგოგიურს ჰგავს, თუმცა ვრცელ წერილში მას მაინც მოჰყავს კონკრეტული მაგალითები.
„2020 წლის აპრილიდან, „ბარსელონაში“ შევუდექით კორპორატიული პროექტის განხორციელებას. ეს პროექტი, საბოლოო ჯამში, ოთხი სტრატეგიული პარტნიორის შემოერთებას გულისხმობდა. ლაპორტას დირექტორატს პროექტი რომ არ ჩაეშალა, კლუბი ინვესტიციების სახით მიიღებდა 220 მილიონ ევროს, რომელიც 2021 წელს შეიძლებოდა 375 მილიონამდე გაზრდილიყო და ეს თანხა პანდემიით გამოწვეული ზარალის დაფარვას შეუწყობდა ხელს.
ამ 220 მილიონი ევროსთვის სახელფასო ფინდის (90 მილიონი ევროს) შემცირებაც რომ დაგვემატებინა — რაც 2021 წლის 21 მარტიდან, როდესაც ყველაზე ცუდი პროგნოზები გამართლდა, აუცილებელი გახდა — ჩვენი კლუბის ხელფასები სრულ შესაბამისობაში იქნებოდა იმ კოეფიციენტებთან, რომელიც ლა ლიგამ დააწესა და ფეხბურთელების სარეგისტრაციო თანხაც გვექნებოდა“.
ბარტომეუს წერილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეს არის. სავარაუდოდ, ზემოთ აღწერილ გეგმას ხორცი რომ შესხმოდა, მესი დღესაც „ბარსელონას“ ფეხბურთელი იქნებოდა.
თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი ამაზე არ გაჩერდა და ლაპორტას ბრალი იმაშიც დასდო, რომ მან, ამ ზაფხულს, ნეიმარს გადაუხადა თანხა, რომელიც ბრაზილიელს არ ეკუთვნოდა.
„რატომ გადადგით ეს ნაბიჯი კლუბის ინტერესების საწინააღმდეგოდ“? — ეკითხება ბარტომეუ ღია წერილში ლაპორტას.