ევროპის სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო. მან ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ „ვილიარეალი“ დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი ლონდონელთაგან მარტო კაი ჰავერცმა ვერ გაიტანა, ხოლო ესპანური გუნდის ფეხბურთელებიდან ალჟირელ აისა მანდისა და 35 წლის რაულ ალბიოლს მოეცარათ ხელი.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულთა შეხვედრაში ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ყურადღება, რომ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა პენალტების სერიის წინ მეკარე შეცვალა, ედუარ მენდის ნაცვლად კარში კეპა არისაბალაგა ჩააყენა, რომელმაც თავი გამოიჩინა. ზემოთ ვთქვით, რომ „ვილიარეალის“ ორ მცველს ხელი მოეცარა. დავაკონკრეტოთ, ორივეს ბასკმა მეკარემ აუღო.
კეპასთან დაკავშირებით ყველას 2019 წლის თებერვალი გაახსენდა, როდესაც „ჩელსის“ მაშინდელმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, ზუსტად ასეთსავე სიტუაციაში, პენალტების წინ, მისი შეცვლა და სხვა მეკარის დაყენება გადაწყვიტა, ბასკმა კი მოედნის დატოვება იუარა. ლონდონელთა საბედნიეროდ, მენდი არისაბალაგასგან განსხვავებით კანონმორჩილი ადამიანი აღმოჩნდა, მოედნიდან გავიდა და კოლეგას თავის გამოჩენის საშუალება მისცა.
„მეკარე სპონტანურად არ შემიცვლია, — თქვა მატჩის შემდეგ ტუხელმა, — მე მათ ამის შესახებ ჯერ კიდევ „ბარნსლისთან“ ჩემი პირველი სათასო შეხვედრის წინ ველაპარაკე. ჩვენ ჩავატარეთ ანალიზი, რომელმაც გვაჩვენა, რომ პენალტების მოგერიება ყველაზე მეტად ვილი კაბალიეროს ეხერხებოდა, შემდეგ მოდიოდა კეპა და ბოლოს მენდი. ამიტომაც, მაშინ მეკარეების მწვრთნელებთან ერთად დავსხედით და სამივე გოლკიპერს ველაპარაკეთ. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ თუკი სათასო შეხვედრის ბოლოს შეცვლის უფლება დაგვრჩებოდა, მას გამოვიყენებდით და ამაში პიროვნული არაფერი იქნებოდა. ამას გუნდის სასიკეთოდ გავაკეთებდით.
დიდებულია, ედუმ ყველაფერი მშვიდად რომ მიიღო. მან ეგო გვერდით გადადო და გვაჩვენა, რომ ყველაფერს საღად უყურებს. მან იცოდა, რომ მისი შეცვლა მწვრთნელს უცებ არ მოეპრიანა.
ვიმეორებ, სტატისტიკის ანალიზმა გვაჩვენა, რომ პენალტებში მას კეპა სჯობია და ვინაიდან ორივე გუნდური მოთამაშეა, ყველაფერი ისე გააკეთეს როგორც გუნდს სჭირდებოდა“.
კეპა: „რაც მოხდა ნორმალურია. მე ვიცოდი, რომ ეს მომენტი შეიძლებოდა დამდგარიყო და ამიტომ თავს ვამზადებდი. შესაბამის განწყობას ვიქმნიდი. მინდოდა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად შევხვედროდი პენალტების სერიას“.
მენდი: „რასაკვირველია, მიხარია, რადგან მოვიგეთ და ამისათვის ვემზადებოდით. ჯერ კიდევ გასული სეზონიდან ვიცოდი, რომ თუ კეპა მოედანზე შევიდოდა, ის გუნდს დაეხმარებოდა და მართლაც ასე მოხდა. მე კეპას მაგივრადაც მიხარია“.
ლონდონელებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს. გოლი ჰაკიმ ზიეშმა გაიტანა, მაგრამ შემდეგ მხარი იტკინა და პირველსავე ტაიმში მოუხდა მოედნის დატოვება.
ტუხელი: „ძალიან ცუდია, როდესაც ფეხბურთელს პირველსავე ტაიმში ცვლი. ზიეში შესანიშნავად თამაშობდა“
73-ე წუთზე ანგარიში „ვილიარეალის“ თილისმამ ხერარდ მორენომ გაქვითა.
ტუხელი: პრემიერლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს გამარჯვება მენტალურად შესანიშნავი იყო, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით მოხდა ყველაზე ცუდი რამ — ჩვენ გადავიტანეთ მომქანცველი დამატებითი დრო და პენალტები“.
„ჩელსი“ შაბათს, საქართველოს დროით 18 საათზე „კრისტალ პალასს“ მასპინძლობს.