რომელუ ლუკაკუ ლონდონში ჩაფრინდა. 28 წლის ბელგიელის თვითმფრინავი ბიგინ ჰილის აეროპორტში დაჯდა. მან „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის საკითხი უნდა მოაგვაროს. „ლურჯები“ მასში 98 მილიონ გირვანქას (115,6 მილიონ ევროს) იხდიან.
უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ კი არ გადადის, არამედ ბრუნდება. ის ლონდონურ კლუბს 2011-14 წლებში ეკუთვნოდა. დროის ამ მონაკვეთში „ლურჯებს“ ის ხან „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“ ჰყავდათ იჯარით გაშვებული და ხან „ევერტონში“, სადაც 2014 წელს ნამდვილი კონტრაქტით გადაბარგდა კიდეც.
„ევერტონიდან“ ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ წავიდა, საიდანაც „ინტერს“ მიაშურა და იქ 2019-21 წლები გაატარა. მილანელთა შემადგენლობაში ლუკაკუ სერია A-ს ჩემპიონიც გახდა.
ამ კვირის დასაწყისში, ორშაბათს, ფორვარდი უკვე იყო ინგლისის დედაქალაქში, სადაც გაიარა სამედიცინო შემოწმების ერთი ნაწილი და სამშაბათს ნიცაში გაემგზავრა, სადაც თავის აგენტ ფედერიკო პასტორელოს შეხვდა.
პასტორელომ ინსტაგრამზე დაადასტურა, რომ მან და ლუკაკუმ ურთიერთ თანამშრომლობის კონტრაქტი გაახანგრძლივეს. იტალიელი აგენტი 2023 წლამდე ფეხბურთელის წარმომადგენელი იქნება.
რამდენადაც ცნობილია, პასტორელო და ლუკაკუ უფრო ადრე უნდა ჩასულიყვნენ ლონდონში, სადაც „ჩელსისთან“ უნდა მოეგვარებინათ ურთიერთობა, მაგრამ ისინი „ინტერმა“ შეაყოვნა, რომელსაც ბელგიელის ნაცვლად „რომასგან“ ედინ ჯეკოს ყიდვა მოუნდა.
ახლა, ლუკაკუს ხელშეკრულებაზე „ჩელსის“ იურისტები მუშაობენ და თუ ყველაფერი რიგზე იქნა, ის „სტემფორდ ბრიჯზე“ ხუთი წლით გადაბარგდება. მისი გასამრჯელო იქნება კვირაში 200 000 გირვანქა.
ამასობაში, „ჩელსისა“ და იტალიური კლუბების სავაჭრო კარუსელი კიდევ უფრო ჩახლართული ტრაექტორიით დატრიალდა. ლონდონელებს „რომამ“ ტამი აბრაჰამში 43 მილიონი გირვანქა შესთავაზა. ლონდონური კლუბი, როგორც გაირკვა, მზად არის გაუშვას ინგლისის ნაკრების ფორვარდი „სტადიო ოლიმპიკოზე“, მაგრამ ჯერ თავად აბრაჰამს არ გაურკვევია პირადი საკითხები.
23 წლის აბრაჰამი „ჩელსის“ მწვრთნელ თომას ტუხელს გულზე დიდად არ ეხატება. სამაგიეროდ, ის მოსწონს ჟოზე მოურინიუს და „არსენალის“ თავკაც მიკელ არტეტას, რომელმაც არ არის გამორიცხული მის ხელში ჩასაგდებად „რომას“ დიდი ბრძოლაც გამოუცხადოს.