კატალონიური გამოცემა „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ დირექტორატი ძირითადად გამოუსადეგარი ფეხბურთელების თავიდან მოშორებით არის დაკავებული. კლუბი ცდილობს ისინი გაყიდოს, რათა ჯერ ერთი სახელფასო ფონდი შეამციროს და მეორეც, იშოვოს თანხა რამდენიმე ახალწვეულის რეგისტრაციისთვის.

„ბარსა“ ახალ სეზონს კვირას, „რეალ სოსიედადთან“ თამაშით იწყებს.

გუნდის ჰოლანდიელი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი ორ ახალ ფეხბურთელს ითხოვს. ის რთულ მდგომარეობაშია, ლეო მესი წავიდა, ხოლო სერხიო აგუერო დაშავებული და სამკურნალოა.

და აი, „სპორტის“ ინფორმაციით, კუმანი დღეს დილით შეხვდა „ბარსას“ ორ მაღალჩინოსანს, რომელთაც ის ცივი უარით გამოისტუმრეს.

კუმანი მატეუ ალემანისა და რამონ პლანესს ელაპარაკა. საუბრის თემა პირველი გუნდი და მისი შემადგენლობა იყო. მწვრთნელმა დირექტორატის წევრებს უთხრა, რომ მას ნახევარმცველი და თავდამსხმელი სჭირდება. ჰოლანდიელი უკმაყოფილოა, რომ „ბარსამ“ ჟორჟინიო ვინალდუმის ყიდვა ვერ მოახერხა და ახლა, თუნდაც მასზე სუსტს, მაგრამ ნახევარმცველს ითხოვს.

რაც შეეხება თავდამსხმელს, ცნობილია, რომ აგუეროს 10 კვირით მოუწევს უქმობა, ამიტომ კუმანს სხვა ფორვარდი სჭირდება.

პასუხად დირექტორებმა მწვრთნელს უთხრეს, რომ ახალი ფეხბურთელების შეძენის იმედი სულ მცირე იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე არ უნდა ჰქონდეს. მან ახლანდელი შემადგენლობის ფარგლებში უნდა იმოქმედოს, კლუბი კი თავის საქმეს მიხედავს, ზედმეტი ხალხის გაყიდვას განაგრძობს.

„ბარსა“ ახალი თავდამსხმელის ყიდვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს ფიქრს,  თუკი 30 წლის დანიელის მარტინ ბრაიტვაითის ძვირად გაყიდვას მოახერხებს.