რანაირად გავიდა საქართველო ტოკიოს ოლიმპიადის არაოფიციალურ ცხრილში 8 მედლით მე-8 ადგილზე? აკი, 33-ე ვართო?
საქმე ის არის, რომ BBC-მ მედლების დათვლის საკითხს სხვა კუთხით შეხედა. ამ ავტორიტეტული ბრიტანული მაუწყებლის შეხედულებას ქვემოთ გაგაცნობთ.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელეკომპანია კითხვას ასე სვამს: დასრულდა ოლიმპიადა, რომელშიც კვლავ დიდი ქვეყნები დომინირებდნენ. აშშ პირველ ადგილზე გავიდა, შემდეგ იყო ჩინეთი, რუსეთი (ოლიმპიური კომიტეტი), დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ასე შემდეგ. მაგრამ, საინტერესოა, როგორი იქნებოდა ცხრილი, მისი შედგენისას მოსახლეობის რაოდენობას და სახელმწიფოების სიმდიდრესაც რომ ითვალისწინებდნენ?
ამ საკითხზე სალაპარაკოდ, BBC-მ ლივერპულის უნივერსიტეტის ეკონომისტს დევიდ ფორესტს მიაკითხა.
„სპორტულ წარმატებებში დიდ როლს თამაშობს ქვეყნების მოსახლეობა, შემოსავლის დონე და პოლიტიკური სისტემა, — თქვა ფორესტმა და მარტივად განმარტა, რომ რაც მეტია ქვეყნის მოსახლეობა, მით მეტია ალბათობა, რომ იქ მაღალი დონის სპორტსმენი დაიბადება, — ცხადია, ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია, ასეთი კი მრავალმილიონიან ქვეყანაში უფრო დაიბადება“.
ლუქსემბურგმა, რომლის მოსახლეობაც 633 622-ია, ტოკიოში სულ 12 სპორტსმენი გააგზავნა, რომლებიც 7 სახეობაში გამოვიდნენ და ერთი მედალიც ვერ მოიგეს.
აშშ კი მოსახლეობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და გააგზავნა კიდეც ოლიმპიადაზე 613 ათლეტი, რომლებიც 35 სახეობაში გამოვიდნენ და 113 მედალი მოხვეტეს.
გამოდის, რომ ამერიკელებს, ჩინელებს და რუსებს ტოკიოში იმდენი გმირობა არ ჩაუდენიათ, რამდენიც პატარა ქვეყნებს, რომელთაც თავიანთი მოსახლეობიდან გამომდინარე ძალიან დიდი შედეგი აჩვენეს.
BBC-მ შეადგინა ალტერნატიული ცხრილი, სადაც დათვალა მილიონ მოსახლეზე მოგებული მედლების რაოდენობა და გამოვიდა, რომ პირველ ადგილზე აშშ კი არა, სან მარინოა, სადაც სულ 33 000 კაცი ცხოვრობს, მაგრამ სამი მედალი აქვთ.
ასე დათვლილ ცხრილში საქართველო მერვეზე გავიდა!
აშშ 60-ე ადგილზე დარჩა.
მაგრამ, მარტო მოსახლეობის რაოდენობაც ვერ იძლევა მედლების გარანტიას. მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის სიმდიდრე.
ფორესტი: „ღარიბ ქვეყნებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენა უჭირთ. მაგალითად, რომელიმე ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს დიდი პოტენციალი ცურვაში, მაგრამ არ ჰქონდეს აუზები“.
დაკვირვება აჩვენებს, რომ ღარიბი ქვეყნები იმარჯვებენ იმ სახეობებში, რომელთაც დიდი დაფინანსება არ სჭირდება, ხოლო მდიდრები ყველგან კარგად გრძნობენ თავს.
BBC-მ ერთ მოსახლეზე საშუალო ეროვნული სიმდიდრის მიხედვითაც შეადგინა ცხრილი. აშშ მე-20 ადგილზეა.
პირველ ადგილზე გავიდა ჩინეთი, საქართველო კი ათეულში არ არის.