ოფიციალური მონაცემებით, იაპონიამ 2020 წლის თამაშების ორგანიზებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი დახარჯა, ამას კიდევ კერძო ინვესტორების ფული ემატება. მთლიანობაში, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ გათვით, რომელიც თავის მხრივ იაპონიის აუდიტორთა კოლეგიის დასკვნას ეყრდნობა, ტოკიოს თამაშების ხარჯებმა 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. არადა, თავდაპირველი ბიუჯეტი მხოლოდ 7,4 მილიარდი დოლარი იყო.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ტოკიო 2020 უძვირესია. შეჯიბრის ერთი წლით გადავადებამ ეს ხარჯები კიდევ 2.8 მილიარდი დოლარით გაზარდა. მთლიან გადახარჯვასთან შედარებით, ეს უმნიშვნელო თანხაა, ამიტომ გადახარჯვის მთავარ მიზეზად პანდემიას ვერაფრით მივიჩნევთ.
ეს ზაფხულის თამაშები – ისე კი ისტორიაში უძვირეს ოლიმპიადად სოჭი 2014 მიიჩნევა, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით 40-50 მილიარდი დოლარი დაჯდა.
1960 წლიდან მოყოლებული, ვერც ერთმა ოლიმპიადამ ვერ შეძლო თავდაპირველ ბიუჯეტში ჩატევა. 2016 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ოლიმპიური ხარჯების ანალიზი ჩაატარეს და… აი, შედეგებიც:
?? მონრეალი 1976 – საბოლოო ბიუჯეტმა თავდაპირველს 720%-ით გადააჭარბა. ქალაქს ვალების სრულად გასასტუმრებლად 30 წელი დასჭირდა.
?? ბარსელონა 1992 – გადააჭარბა 266 პროცენტით.
?? ლეიკ პლესიდი 1980 – გადააჭარბა 324 პროცენტით.
?? რიო 2016 – გადააჭარბა 352 პროცენტით.
?? სოჭი 2014 – გადააჭარბა 289 პროცენტით.
ათენის ზაფხულის ოლიმპიადა 2004 წელს სულაც მაპროვიცირებელი ღონისძიება გამოდგა არნახული ეკონომიკური კრიზისისთვის, რომელმაც საბერძნეთი 3 წლის შემდეგ მოიცვა და სახელმწიფო ფაქტობრივად გაკოტრების პირას მიიყვანა.
ამ ფონზე ლონდონის ოლიმპიადის „სულ რაღაც“ 76%-ით გადახარჯვა უმნიშვნელო „შეცოდებად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
სპორტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოლიმპიური თამაშები სულ უფრო მეტად ასოცირდება ვალებთან და მიტოვებულ სპორტულ ობიექტებთან. ასე მოხდა, მაგალითად: სარაევოში, ათენში, პეკინსა და რიოში. ნახევრად დანგრეული სტადიონები და მიტოვებული ოლიმპიური სოფლები ფინანსური ჩავარდნის სიმბოლოებად იქცევიან ხოლმე.
საპირისპიროდ, ოლიმპიადის წარმატებული მემკვიდრეობის ნიმუშებია ბარსელონა, ლონდონი და მოსკოვი. ამ ქალაქებში ბევრი ობიექტი კვლავ თავდაპირველი ფუნქციით არის დატვირთული. მაგალითად, ლონდონის მუნიციპალიტეტმა იმ კონკრეტული რაიონის განვითარება დაისახა მიზნად, სადაც ოლიმპიური პარკი იყო აშენებული. ლონდონის ეს ნაწილი ადრე რაიმე განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდა, ოლიმპიადის შემდეგ კი ლონდონელებმა ამ რაიონს სხვა თვალით შეხედეს. სტრატფორდი (ასე ჰქვია იმ რაიონს) ერთ-ერთი ყველაზე მიგდებული იყო ქალაქში. ახლა იქ სიტუაცია შეცვლილია, თუმცა უამრავი ლონდონელი მაინც გაკვირვებული კითხულობს: რატომ არ შეიძლებოდა სტრატფორდის მოწესრიგება ისე, ყოველგვარი თამაშების გარეშე.
დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებასთან დიალოგი ურთიერთობის მიღებული ფორმაა, ხელისუფლებებს სულ უფრო უჭირთ ადამიანებისთვის ახსნა, რა სარგებელს მოიტანს ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად გრანდიოზული თანხების გახარჯვა. ამასთან, ყოველ მომდევნო ოლიმპიადაზე ეს ხარჯები მხოლოდ გაიზრდება, რადგან ყოველი მომდევნო ოლიმპიადა სულ უფრო „მწვანე“, ტექნოლოგიური და ახალი სახეობების დამატების გამო უფრო მასშტაბური გახდება.
გადასახედია ოლიმპიადის ჩატარების პირობები, რათა დასავლეთის ქვეყნებს კვლავ გაუჩნდეთ მასპინძლობის სურვილი. ამასთანავე განუზომელ ხარჯებთან დაკავშირებულია არა მხოლოდ თამაშების ჩატარება, არამედ მასპინძლობზე განაცხადის შეტანის ეტაპიც კი.
ერთადერთი, რის ნაკლებობასაც ამ ეტაპზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ განიცდის, სპონსორებია.
ინვესტორთა ინტერესი არსად გამქრალა – ამბობენ ექსპერტები – ოლიმპიადა უნიკალური მოვლენაა, სადაც ამდენი სახეობა იყრის თავს და სადაც ეგრეთ წოდებული სარეკლამო სინერგია ხდება. ცალკე აღებული სახეობები ვერაფრით მოიზიდავენ იმდენ რეკლამას, ვიდრე შეჯიბრებების ერთდროულად და ერთ ადგილას ჩატარებით ახერხებენ.
გაგრძელება იქნება