იოკოჰამაში, ბრაზილიის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა ესპანეთს დამატებით დროში 2:1 მოუგო და ზაფხულის თამაშების 121-წლიან ისტორიაში გახდა მეხუთე გუნდი, რომელმაც ტიტული შეინარჩუნა. ახლა, ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრები 2016 და 2020 (2021) წლების ოლიმპიადების გამარჯვებულია.

შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1. გამარჯვების გოლი მოედანზე დამატებით დროში შესულმა პეტერბურგის „ზენიტის“ 24 წლის თავდამსხმელმა მალკოლმმა გაიტანა.

თამაშის პირველი 15 წუთი მოსაწყენი იყო, შემდეგ კი ესპანელებს ჰქონდათ მომენტი — ბურთი მარკო ასენსიომ და მიკელ ოიარსაბალმა ჩინებულად გაათამაშეს. მათ დანი ოლმოს შეუქმნეს ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ბრაზილიელების ცენტრალურმა მცველმა დიეგო კარლოსმა ბოლო წამს არ მისცა ევროპელებს ანგარიშის გახსნის საშუალება.

შემდეგ, ბრაზილიელთა მწვავე მომენტის ჯერი დადგა. 37-ე წუთზე მსაჯებმა VAR-ის დახმარებით დაადგინეს, რომ მეკარე უნაი სიმონს მაღალ ბურთზე გამოსვლის დროს მატეუს კუნია წაუქცევია. თერთმეტმეტრიანი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა (5 გოლი) რიშარლისონმა დაარტყა, მაგრამ ხარიხას გადააცილა.

„სელესაო“ მაინც განაგრძობდა შეტევებს და ხსენებულმა კუნიამ დანი ალვეშის პასით 45+2 წუთზე ანგარიში გახსნა. ქება და დიდება ვეტერან ალვეშს, რომელმაც კარიერაში 43-ე ტიტული მოიგო, მაგრამ ამ ეპიზოდში მის პასზე არანაკლებ შთამბეჭდავი კუნიას მოქმედება იყო — მცველებით მჭიდროდ გარშემორტყმულმა ბურთი მკერდით მიიღო და კარში ზუსტად დაარტყა.

ეს იყო კუნიას მესამე გოლი ოლიმპიადაზე.

ჩამორჩენის მიუხედავად, არც ესპანელებს ჩამოუყრიათ ყურები. 61-ე წუთზე ოიარსაბალმა კარლოს სოლერის ჩაწოდებულ ბურთს გაუჩერებლად, საუცხოოდ დაჰკრა და ანგარიში გაქვითა.

ესპანეთს ძირითად დროში მოგებაც შეეძლო. ბრაიან ხილმა ხარიხას გაარტყა ბურთი, მაგრამ საბოლოოდ 90 წუთი ფრედ დასრულდა და დაინიშნა დამატებითი დრო.

დამატებით დროში კი ბრაზილია უფრო ყოჩაღ, ფიზიკურად ძლიერ გუნდად გამოჩნდა. განსაკუთრებით აქტიურობდა მალკომი, რომელიც მარცხენა ფრთიდან აქტიურობდა და გაიტანა კიდეც გადამწყვეტი გოლი.