შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულებაადამიანი მყიფე არსებაა. კუნთები და ძვლები საცოდავ მასალად გამოიყურება, თუ მათ საძალოსნე შტანგის ფონზე დააკვირდები და როცა ნახავ, რომ ერთი ადამიანთაგანი გამოდის და ორი მისვლით ნახევარ ტონას სწევს, ჯერ გაშეშდები, მერე კი იამაყებ – ეს იშვიათი ადამიანი შენიანია, ოლიმპიური და კიდევ ათასი სხვა უმაღლესი დონის საძალოსნო შეჯიბრების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

იგი წლებია მასხრად იგდებს ფიზიკის და ლირიკის კანონებს: გრავიტაციას – რადგან შეუძლებელია ცოცხალი არსების ჩონჩხმა და კუნთებმა რკინის ამხელა მასა დედამიწასთან არ მიუშვას და მითოლოგიას – რადგან ლეგენდარული გმირების ჰაერში ანატაცები დღევანდელ წონის ერთეულებში რომ გადმოვიყვანოთ, ტალახაძის შედეგს ვერ გადასწონიან.

ლაშა ტალახაძის სპორტული ბიოგრაფია და საერთოდ ბიოგრაფია ყველაზე ნამდვილ საქართველოში (როგორც ზემო იმერეთი ჩვენმა ცოცხალმა კლასიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა მონათლა) დაიწყო. საჩხერემ გააჩინა სპორტულ სიდუხჭირეს საბერძნეთში გარიდებული კახი კახიაშვილის ალტერნატივა ჯერ გიორგი ასანიძის, შემდეგ კი ლაშა ტალახაძის სახით. გასაკვირია, მაგრამ ძალოსნობას არასდროს ჰქონია ჭიდაობის ან თუნდაც მკლავჭიდის დარი გაქანება მხარბეჭიანი და კუნთმაგარი ვაჟკაცებით მდიდარ ქართველთა ქვეყანაში. თვით ქართული სპორტის მრავალმხრივი ზეობისას, საბჭოთა 50-60-იანებში იყო დიდებული რაფაელ ჩიმიშკიანი, რომელსაც ქვეყნის (მაშინ – რესპუბლიკის) სახელი მსოფლიოში გაჰქონდა და დიტო შანიძე, მსოფლიო ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ვეცხლის მედალოსანი. მეტს კი უმაღლესი დონისას ქომაგი ბევრს ვერას გაიხსენებს.

დაქცეულ 90-იანებში კი უცებ, რატომღაც, მოულოდნელად გაირკვა, რომ ძალოსნობა ჩვენი სპორტი ყოფილა. ტყვიების ზუზუნში, გამოციებულ სავარჯიშო დარბაზებში ქართველებმა შეძლეს ის, რაც კომფორტულად, მრავალი ათასი დოლარის ინვენტარით მოვარჯიშე უცხოელებს არ გამოუვიდათ. დიდმა ვანო გრიქუროვმა ძალოსნებს კუნთების მოდუნების უფლება არ მისცა, კახი კახიაშვილმა მომავლის პერსპექტივა დატოვა, გიორგი ასანიძემ პერსპექტივას ხორცი შეასხა, ხოლო ლაშა ტალახაძემ გაოგნებულ მსოფლიოს უთხრა, რომ ძალოსნობაში ახალი ბატონი გამოჩნდა, ვინც ყველაფერს იხვეჭს და მოიხვეჭს.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება“ჩემი გათვლით, ტალახაძე ჰერკულესის ქართული ვარიანტია” – როგორ დღეს მოდურად იტყვიან, დაპოსტა ბრიტანული „გარდიანის“ჟურნალისტმა 2016 წლის 17 აგვისტოს, ღამის პირველ საათზე, როცა ქართველმა ათლეტმა თავის ჯამური 473 კილოგრამით დიდი ირანელი ბეჰდად სალიმი მოიტოვა უკან. რიოში მაშინ ხმაური იყო, ირანელები ფიზიკურად უტევდნენ მსაჯთა კორპუსს არაობიექტურობის ბრალდებით, ირანელივე ქომაგები ტალახაძის ხმაურით შეჩქვიფებას ამაოდ ცდილობდნენ, ხოლო ჰაკერებმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდი სულ გააჩერეს, მაგრამ ქართველის ჰერკულესობა წლებმა განამტკიცა და დაამტკიცა, რადგან გვირისტებივით მიეწყო უმაღლესი ჯილდოები ერთმანეთს: რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა (ოქრო), მსოფლიო ჩემპიონატები ჰიუსტონში (ოქრო), ანაჰაიმში (ოქრო), აშხაბადში (ოქრო),  პატაიაში (ოქრო), ევროპირველობები ფერდეში, სპლიტში, ბუქარესტსა და ბათუმში – სულ ოქრო და ოქრო, სხვა რანგის ტურნირებზე რომ არაფერი ვთქვათ.

მეხუთე წელია თავის შანსს ელოდება ახალგაზრდა სომეხი გოლიათი გორ მინასიანი, მაგრამ ტალახაძის გადამკიდე ბოლო ნაბიჯის გადადგმას ვერაფრით ახერხებს და მარადიულ ვერცხლისმედალოსნად იქცა. ჩვენებური ირაკლი თურმანიძეც უნდა ვახსენოთ, რომელსაც, ლაშა ტალახაძე რომ არა, იქნებ ბარე ორი მსოფლიო და ოლიმპიური ოქრო მოეხვეჭა, თუმცა მისი ბრინჯაო რიოში და 2015 წლის ევროპული ოქრო თბილისში ასევე დიდებული მიღწევებია. აბსოლუტური წონითი კატეგორიის სხვა ათლეტებზე კი რა გითხრათ: მსოფლიო პრესას როცა გადახედავ, ძალოსნობის სამყაროში დამკვიდრებული ერთგვარი აპათია მოგხვდება თვალში, უკვე ყველა მიეჩვია, რომ არის ტალახაძე და სხვები, ამიტომ ახალი ჩემპიონების გამოჩენას ძველის პენსიაზე გასვლამდე არც არავინ ელის.

ყველა დიდი საქმის გასაღები წვრილმანებშია. დიდ საქმეს დიდი ბარიერების დაძლევა უყვარს და არის მომენტები, როცა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს, რომ მორიგი წინააღმდეგობის გადასახალახად ძალა ვეღარ შესწევს. მითუმეტეს ახალგაზრდა ადამიანმა. სულ ოცი წლის იყო ლაშა ტალახაძე, როცა ის სადოპინგე უსიამოვნება შეხვდა, რომელმაც წინსვლის ორი წელიწადი წაართვა. გააცდინო ორი წელიწადი და მერე როგორი ორი წელიწადი – როცა გრძნობ რომ ცოტაც და მწვერვალზე ხარ. როგორ გაუძლებ ამხელა დაწოლას, რომელიც შტანგაზე მძიმედ გიტვირთავს ნერვებს და გონებას. აგერ, პირმშვენიერი მაშა შარაპოვა მოსწყვიტეს ორი წლით ჩოგბურთს და წელშიც გადატყდა. ბარე ორ მაგალითს კიდევ მოიყვანდა კაცი, ლაშა ტალახაძემ კი მთავარი ძალა სწორედ მაშინ იგრძნო, როცა ყველაზე მეტად გაუჭირდა და ყველაფრის ერთად აღდგენამ მოუწია, სპორტული ფორმით დაწყებული და რეპუტაციით დასრულებული.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულებალაშა შტანგასთან წყნარი სახით მიდის, გულში და გვერდებზე მჯიღებს არ იბათქუნებს, მოტივაციის ასამაღლებლად ფსიქოლოგები და ქოუჩ-მოტივატორები არ სჭირდება, მისი სიმხნევის მთავარი გარანტი შტანგასთან მისვლამდე რამდენჯერმე გადაწერილი პირჯვარია და ცხადია, გუნდი გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით. გუნდი, რომელმაც კარგად იცის რომელ წუთს რა უნდა გაკეთდეს, რომ ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დააღებინოს პირი.

484 კილოგრამი – 220 ატაცში და 264 აკვრაში – ეს გახლავთ მაგიური რიცხვები, რომლითაც ლაშა ტალახაძე ისტორიას ქმნის. ბოლო წლებში წესად იქცა: თითო შეჯიბრი – თითო რეკორდი და მიდის აღნუსხვა უმაღლესი შედეგებისა ანაჰაიმში, აშხაბადში, პატაიაში, ბათუმში, დუშეთში და რა ვიცით კიდევ! 24-კილოგრამიანი ჩამორჩენა დაუფიქსირდა ქართველ ჩემპიონთან ზემოთ ნახსენებ მეორეადგილოსან მინასიანს კორონავირუსის აფეთქებამდე ტაილანდურ პატაიაში გამართულ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე და ასე იყო ყველგან, სადაც ჩვენებური შტანგას შეეხო. მისი უპირატესობა არცერთ წონასთან მისვლისას არ იძლეოდა შფოთვის საფუძველს, რადგან თითოეულ სიმძიმეს ისე აუღელვებლად და მსუბუქად აიტაცებს ჰაერში, ჩვენ ბურთს რომ ავისვრით. საქმის მცოდნეებმა იციან, რაც იმალება ყოველი ამგვარი აკვრის თუ ატაცის უკან, მაგრამ სილამაზეც ხომ საქმეა. ლაშა ტალახაძე ყველაზე მეტს სწევს და ყველაზე ლამაზად.

რა დიდი სითამამე იმის თქმას უნდა, რომ კორონაპანდემიამ ქართველ სპორტსმენს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა წაჰგვარა. ან, იმედია, მხოლოდ გადაუვადა, თუკი ტოკიო როდესმე თამაშების ჩატარებას მოაბამს თავს და კიდევ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თუ ირაციონალური გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ძალოსნობას ოლიმპიური პროგრამიდან არ ამოიღებს, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, არის. 27 წელი უკვე ის ასაკია, როცა ძალოსნის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაღმასვლას იწყებს, მაგრამ ლაშა ტალახაძის მთელი კარიერა ხომ სტატისტიკის, სტერეოტიპების, თეორიის წინააღმდეგ სვლის მაგალითია და ტანი გვიგრძნობს, რომ 2021 წელი ტოკიოს ოლიმპიადაზე და პერუში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზეც ტალახაძის წელი იქნება. ამ მოსაზრებას ვიდეოპორტალებზე მოარული ერთი სამოყვარულო ვიდეო გვიმყარებს:

„სიმძიმე რამდენი დავუმატო?“ – ისმის მწვრთნელის ხმა 2018 წელს, აშხაბადის მსოფლიო პირველობაზე, სადაც ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდების მოზაიკა ააწყო (ატაცი, აკვრა, ჯამი).

„რამდენიც გინდა“ – ეს პასუხი გახლავთ. ეს ლაშა ტალახაძეა.

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, მდგომარე ადამიანები და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „MEN'S +109KG VICTORY CEREMONY GEO TALAKHADZE Lasha WR OR 488 KG IRI DAVOUDI Ali SYR 441 ASAAD Man 424 KG OMEGA TOKYO20: TOKY? 2020 OMEGA အာာ TOKYO2020“-(ი)ს გამოსახულება